“უკრაინამ და საქართველომ ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღონ”, – ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ლვოვის საერთაშორისო ფორუმის ბოლოს მიიღეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი ზრდის სამხედრო წარმომადგენლობას სამხრეთ კავკასიაში, რაც მოსკოვმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად გააკეთა, ხოლო შავ ზღვას აქცევს პლაცდარმად ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად, რაც, მათი თქმით, ყირიმის ოკუპაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.
ექსპერტები შიშობენ, რომ რეგიონის მიმართ ნატო-ს სტრატეგიის დანაკლისი ქმნის ვაკუუმს, რომლის შევსებასაც რუსეთი ადვილად ახერხებს.
მათივე თქმით, ნატო-ს სურს, შეიმუშაოს გაერთიანებული გეგმა სამხრეთ-აღმოსაველთ ფლანგის გასაძლიერებლად, რაც მოიცავს ბალტიისპირეთს, შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვას.
ექსპერტები ნატო-ს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასაც ურჩევენ. მათ შორის, ოკუპირებული ყირიმიდან გემებს ყველა ევროპული და დასავლეთის ქვეყნების პორტებში შესვლა უნდა აუკრძალონ, შავ ზღვაში მუდმივად უნდა იყვენენ დისლოცირებული გერმანული და ამერიკული ხომალდები. რეგიონში ასევე უნდა განთავსდეს საწვრთნელი ბაზა, სადაც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამხედროები რეგულარულ წვრთნებს ჩაატარებენ.
რეზოლუციას მხარი 17-მა ექსპერტმა დაუჭირა. მათ შორის იყო ამერიკელი გენერალი – ბენ ჰოჯესი, ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე – ალექსანდრ ვერშბოუ და უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური, ადმირალი იგორ ვორონჩენკო.