მოსკოვში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

მოსკოვში პოლიკლინიკების ბაზაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტები ამუშავდა. საერთო ჯამში ვაქცინაციისთვის 70 ოთახია გამოყოფილი, წლის ბოლომდე კი კიდევ 100 გაიხსნება. პროცედურის ჩატარება დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდეა შესაძლებელი.

ამ დროისთვის აცრები მხოლოდ რისკჯგუფის მოქალაქეებს უტარდებათ – განათლების, ჯანდაცვის და საქალაქო სოცსამსახურების სფეროს თანამშრომლებს. ქალაქის მერის მოადგილის და სოცგანვითარების საკითხების ხელმძღვანელის განმარტებით ვაქცინაცია ხელმისაწვდომია არამხოლოდ მაღალი რანგის ექიმებისთვის ან მასწავლებლებისთვის არამედ ყველა ზემოთ ხსენებული დაწესებულებების თანამშრომლებისთვის, იქნება ეს დამლაგებელი თუ ადმინისტრატორი.

პროცედურა წინასწარი ჩაწერის პრინციპით ტარდება, რომელიც ორი კვირით ადრე ხდება.

მოსკოვის მოსახლეობას აცრის ჩატარება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ისინი 18-დან 60 წლამდე ასაკის არიან, მათ არ აქვთ ქრონიკული დაავადება, არ მიუღიათ მონაწილება ვაქცინის კლინიკურ ცდებში და უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში არ ჩაუტარებიათ რაიმე სხვა აცრა. ორსულებისთვისა და მეძუძური დედებისთვის ვაქცინაცია აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები