ლავროვი: აშშ და ევროკავშირი რუსეთისა და ბელორუსის შიდა პროცესებში ჩარევას ცდილობენ

“აშშ და ევროკავშირი აქტიურად ცდილობენ რუსეთისა და ბელორუსის შიდა პროცესებში ჩარევას, დასავლელი ლიდერები ამას არც მალავენ”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მინსკში, სადაც ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრა გამართა.​

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ურთიერთობებს, რომელიც აქვს რუსეთსა და ბელორუსს დასავლეთთან, ევროატლანტიკურ კავშირთან, ნატო-სთან, აშშ-სა და ევროკავშირთან.

“პირდაპირ ვიტყვით, რომ ვხედავთ მტრულ განწყობებს როგორც რუსეთის, ისე – ბელორუსის მიმართ. ვხედავთ ჩვენს ქვეყნებში შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის აქტიურ მცდელობებს, თუმცა, დასავლელი ლიდერები ამას არც მალავენ”, – თქვა ლავროვმა.

ამასთანავე, დიპლომატის თქმით, დასავლეთის ამ მცდელობებს მოსკოვი და მინსკი მშვიდად იღებენ, რადგან თავის დაცვა შეუძლიათ.

თავის მხრივ, ბელორუსის ლიდერმა თქვა, რომ მინსკი მზად არის, თანამდეროვე სამყაროში არსებული პრობლემები რუსეთთან ერთად გადალახოს – დაწყებული პანდემიით, დამთავრებული აშშ-ის პრეტენზიებით “ერთპიროვნულ ბატონობაზე”.

“მაგრამ გამოწვევა ძალიან ბევრია, იცით, რაც ხდება თანამედროვე სამყაროში. ისიც უნდა იცოდეთ, რომ ყოველთვის ვართ მზად, გავიაროთ ჩვენი გზა, თუ რუსეთი ამას მოისურვებს, რუსეთის გვერდით”, – თქვა ლუკაშენკომ.

როგორც მან ხაზი გაუსვა, მინსკში აშშ-ის ერთპიროვნულ ბატონობას არასდროს მიესალმებოდნენ და არც მომავალში აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები