ქართული ავიაკომპანია – Geo Sky ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით რეგულარულ სატვირთო რეისებს განახორციელებს
ქართული სატვირთო ავიაკომპანია – Geo Sky 2020-2021 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, პირველი დეკემბრიდან 27 მარტამდე საქართველოს გავლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით რეგულარულ სატვირთო რეისებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ავიაგადამზიდველის მიერ რეისები თბილისი-ჩენჩჟოუ-თბილისისა და თბილისი-ფრანკფურტი-თბილისის საჰაერო ხაზებზე Boeing B747-200-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით კვირაში სამი სიხშირით შესრულდება.
„ავიაკომპანია Geo Sky პირველი ქართველი გადამზიდველია, რომელიც რეგულარულ სატვირთო ფრენებს შეასრულებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით რეგულარული სატვირთო ფრენები დღემდე არც ერთ ქართულ ავიაკომპანიას არ განუხორციელებია. დღეისათვის ავიაკომპანია ხსენებულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ქართულ ავიაკომპანიას რეგულარული სატვირთო მიმოსვლისთვის აუცილებელი ნებართვა 2020 წლის 25 ნოემბერს მიენიჭა.
Geo Sky-ზე ექსპლუატანტის სერტიფიკატი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2017 წელს გასცა. 2018 წელს, ავიაკომპანიამ წარმატებით გაიარა არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესი (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO). კარგო გადამზიდველის ფლოტი ამჟამად ორი Boeing B747 ტიპის საჰაერო ხომალდისაგან შედგება. Geo Sky ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.