მალხაზ თოფურია – ,,კომიკურია, მაგრამ ამ ოპოზიციურ ერთობაში მიშა უფრო მართალია, ვიდრე დანარჩენი 1%-იანი პარტიები“

ოპოზიცია მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის მოლოდინშია. რა პირობებში დაუბრუნდებიან არჩევნებში გამარჯვებული პარტიები პარლმენტს, შეინიშნება თუ არა ბზარი ოპოზიციურ ერთობაში და აზარალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მოლოდინი ოპოზიციურ ერთობას – ,,კვირა“ ,,პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, მალხაზ თოფურიას ესაუბრა:

-გუშინ ოპოზიციური პარტიები კვლავ შეიკრიბნენ უცხოუელი დიპლომატებისა და ექსპერტების ინიციატივით. ექსპერტების რეკომენდაციები უცვლელია: ოპოზიცია უნდა დაუბრუნდეს პარლამენტს. როგორია ,,პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია?

-ფაქტია, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პარტია არჩევნების შედეგად გაგვანულეს. 4-დეპუტატიანი პარტია, ფაქტობრივად, მნიშვნელობას კარგავს საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევალთ, თუ ხელახალი არჩევნები დაინიშნება, მაგალითად, გაზაფხულზე.

-თქვენი მოთხოვნებით ფორმალურად მაინც სწორედ იმ ოპოზიციური პარტიების გვერდით დგახართ, ვისაც იდეოლოგიურად მუდამ ემიჯნებოდით…

-ჩვენ ,,ნაციონალებისა“ და ,,დემოკრატიული საქართველოს“ გვერდით ვერავინ განგვიხილავს. ვის რა გარიგება აქვს ერთმანეთთან ან რა მოლაპრაკებებს ახორციელებენ, დილით უჩურჩულებენ ყურში რაღაცებს ერთმანეთს თუ საღამოს, ეგ არ ვიცი. ფაქტია, მაგათ ბოროტმოქმედებებს ერი მოგვიანებით იგებს ხოლმე. ჩვენთვის მეორეხარიხოვანია. ,,პატრიოტებს“ აქვთ საკუთარი პრინციპები და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უცხოელები გვირჩევენ, შევიდეთ პარლამენტში, არ ვეთანხმებით და არ მგონია, ძალით მოახერხოს ვინმემ ჩვენი პარლამენტში დაბრუნება.

-დანარჩენი პარტიების პოზიციაზე რას იტყვით? ძალზე აზარალებს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი მათ ერთობას?

-სააკაშვილი ხან ვითომ ვაჟკაცია, ,,ვითარცა უხორცო“, ხან  უზნეო ბავშვია, რომელიც ფეხებს აბაკუნებს, ჭირვეულობს და სკამის დაბრუნებას ითხოვს. მას ჰყავს ქვეყნაში კერპთაყვანისმცემლები, რომლებსაც შეუძლიათ, ქუჩებში იარონ და მამაკაცის სახელი იყვირონ. კურიოზული სიტუაცია იქმნება: კაგებე-ს ნარატივია ლოზუნგი – ,,მიშა ჩამოდი“. კაგებე-ს ამ ნარატივს ახმოვანებდა ჯერ გუბაზი, ახლა – გია ბარამიძე და უფრო ადრე – სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია. ფაქტობრივად, მთელი ,,ნაციონალური მოძრაობა“ კაგებე-ს დაკრულზე ცეკვავს. მიშა კი უკრაინიდან მიშმადიდებლებს მოუწოდებს, ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ, ხელისუფლება გადააგდონ, სკამი გაუთავისუფლონ, რომელზეც ჩამოსვლის მერე დასკუპდება. თანაც, ამ პროცესში პერიოდულად აგინებს ემიგრანტ ქალებს. საგიჟეთია მოკლედ…

-შესაძლოა, სააკაშვილის ფაქტორმა ოპოზიცია გახლიჩოს?

-კომიკურია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ოპოზიციურ კოალიციას ვგულისხმობ, მიშა უფრო მართალია, ვიდრე ის 1%-იანი ან სრულიად ურეიტინგო პარტიები, როგორიც, მაგალითად, ნინო ბურჯანაძეა. პარტიები, რომლებიც მიტინგებზე 100 კაცსაც ვერ კრებენ და ,,მიშას გაშლილ სუფრაზე“ არიან წამომსხდარნი, სააკაშვილის გადაგდებას ითხოვენ. მართალია, მთელი ოპოზიციის შეკრებილი მომიტინგეებიც, ჯამურად, 4000 კაცს ვერ გასცდა, მაგრამ ამ 4000-შიც 3500 ,,ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანილია. ასე რომ, უნდათ თუ არ უნდათ, ანგარიში უნდა გაუწიონ მიშას ხუშტურებს, თუ მომავალ არჩევნებამდე რეიტინგის შენარჩუნებას კიდევ აპირებენ.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები