ზვიად მხეიძე: ჩვენი მიზანია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი სარგებლობდეს კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით, ბუნებრივი აირითა და გამართული წყალსადენი სისტემით

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე, მიმდინარე და დაგეგმილ სიახლეებზე მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ ისაუბრა.

ბატონო ზვიად რაჭას განვითარების უდიდესი პერსპექტივა გააჩნია, თუმცა იქნებ გვითხრათ რა მიგაჩნიათ მთავარ მოსაგვარებელ საკითხებად და რა სახის სამუშაოები ხორციელდება ამ მიმართულებით?

-რაჭას და კონკრეტულად ჩვენს მუნიციპალიტეტს ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს  და საინტერესო გახდეს როგორც ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია ყველა ის ელემენტარული პირობა შევუქმნათ მოსახლეობას, რაც ხელს შეუწყობს მათ ადგილზე დამაგრებას. ამისთვის კი მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა ხორციელდება.

ბატონო ზვიად იქნებ კონკრეტულად გვესაუბროთ რა მსხვილმასშტაბიანი პროექტები განხორციელდა ან მიმდინარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

-ბოლო წლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი ბიუჯეტით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ჩვენთვის, როგორც მაღალმთიანი მხარისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. განხორციელებულ პროექტებს შორისაა – ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 26 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, რაც ჯამში 8 სოფელს მოიცავს, ასევე მნიშვნელოვანია წესი-ურავის საავტომობილო გზის ასფალტირება, დასრულდა ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის გზისა და სოფ. კრიხისა და სოფ. ჭყვიშის გზების რეაბილიტაციაც, ასფალტის საფარი მოეწყო ქ. ამბროლაურისა და სოფ. ჭრებალოს შიდა ქუჩებზე, ამჟამად ხორციელდება ქალაქის ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა. აქვე აღვნიშნავ, რომ განხორციელდა ნიკორწმინდის ცენტრის რეაბილიტაცია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ტურიზმის განვითარების მიმართულებით.  გარდა ამისა პანდემიის მიუხედავად, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, დამცავი კედლების, ხიდებისა და ბოგირების მშენებლობა. ჩვენი მიზანია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი სარგებლობდეს კეთილმოწყობილი სააავტომობილო გზით, ბუნებრივი აირითა და გამართული წყალსადენი სისტემით.

ბატონო ზვიად, ვიცით, რომ სოფლების ნაწილში ხორციელდება გაზიფიცირების სამუშაოები. რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?

-საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემის მოწესრიგების პარალელურად, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფლების გაზიფიცირების პროცესი. 2017-2020 წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 22 სოფლის გაზიფიცირება განხორციელდა ან მიმდინარეობს, რაც ჯამში 6 000-მდე აბონენტს მოიცავს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021-2024 წლებში, გაგრძელდება გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, შედეგად  კი 2023 წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა და მათ შორის ჩვენი მუნიციპალიტეტი სრულად, ბუნებრივი აირით ისარგებლებს.

რა სახის სოციალური პოგრამები ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში?

-დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ 400-დან 900 ლარამდე ერთჯერადი დახმარებით, გვაქვს ასევე სამედიცინო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ქირურგიული ოპერაციების, სხვადასხვა სამედიცინო კვლევების, მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსებისკენ. გარდა ამისა, სოციალური პროგრამის საშუალებით, შესაძლებლობის ფარგლებში, ვეხმარებით მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, უსახლკაროებს, ხანძრით დაზარალებულებს და სხვა.

ჩვენ, რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად, ხშირად ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას და ვცდილობთ ყველა ის პრობლემა გავითვალისწინოთ, რაც შეხვედრების დროს გამოიკვეთება. ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სიმდიდრე აქ არსებული ადამიანური რესურსია. თითოეული პროექტი თუ პროგრამა, რომელიც ხორციელდება, მიმართულია მუნიციპალიტეტის განვითარებისა და სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებისკენ. სამუშაოები მომავალშიც კვლავ აქტიურად გაგრძელდება და მჯერა, რომ აქ მცხოვრები თითოეული ოჯახის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები