კახა წიქარიშვილი: პომპეოსთან შეხვედრაზე ჩვენი მთავარი ფოკუსი იყო სასამართლოში არსებული პრობლემა, რასაც კლანური, არაფორმალური მმართველობა ჰქვია

“უფლებები საქართველოს” პროექტის კოორდინატორმა, კახა წიქარიშვილმა, რომელიც 18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრას ესწრებოდა, შეხვედრაზე განხილულ მთავარ საკითხებზე ისაუბრა.

“ჩვენი მთავარი ფოკუსი იყო სასამართლოში არსებული პრობლემა, რასაც კლანური მმართველობა, არაფორმალური მმართველობა ჰქვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ ჩვენ ვფიქრობდით, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შევძლებდით ამ პრობლემის მოგვარებას, ვინაიდან მოსამართლეები დანიშნულნი იყვნენ 10 წლის ვადით, მათ გასდიოდათ უფლებამოსილების ვადები, და შეიძლებოდა ამ მახინჯი სისტემის შეცვლა, თუმცა ქართულმა ოცნებამ ეს მახინჯი სისტემა დააკანონა 40-წლიანი პერსპექტივით.

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სასამართლო სისტემა იმართება შიდა გავლენებით, ეს გავლენები შეიძლება იყოს პოლიტიკური ხასიათის, ნეპოტიზმი, კორუფცია და ა.შ. ამის დასტურად ჩვენ მოვიყვანეთ ის საქმეები, რომლებზეც სასამართლომ მიიღო გარკვეული პოლიტიკური და კორუფციული გადაწყვეტილება. მაგალითად, ე.წ. ფილიპ მორისის საქმეზე, ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რომლებზეც სასამართლო ხელისუფლებამ ვერ დაიკავა ნეიტრალური პოზიცია და ვერ მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ამ საქმეებზე.

ჩემი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ აუცილებელია, მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება საქართველოში იმის თაობაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს კარგი სასამართლო სისტემა და ეს სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმას. ეს არის პოლიტიკური შეთანხმების საკითხი.

აშშ-ის საელჩოს და სახელმწიფო მდივნის პოზიციაა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა განვაგრძოთ მუშაობა ამ საკითხებზე, ეს საკითხები მუდმივად უნდა წამოვწიოთ, უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე მოსახლეობასთან, და უნდა მოვამზადოთ ეს წინაპირობები, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი სასამართლო სისტემა”, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები