„ყოველთვის მომწონდა ჟღალთმიანი გოგონები“ – როგორ იქმნება თოჯინები მეტყველი სახეებით

ფერადი დღეებით სავსე ბავშვობიდან ბაბუის შეგონებანი დარჩა.  ოჯახში ხელოვნება ყველას უყვარდა. სხვადასხვა წრეზე დავდიოდი, მათ შორის ხატვაზეც, მაგრამ არასოდეს უფიქრია  ამ გატაცებაზე. პირველი თოჯინაც გვიან გამოძერწა. შემდეგ, აზრიანი და მეტყველი სახეებით, სხვა თოჯინებიც გაჩნდა. აქტიურად მონაწილეობს შიდა გამოფენებში და პერსონაური გამოფენის გამართვაზეც ფიქრობს. – ნატალია ინაშვილის პერსონა.

 – მახსენდება ფერადი და ლამაზი დღეებით სავსე ბავშვობა. ვიზრდებოდი პედაგოგების გარემოცვაში. განსაკუთრებით ტკბილ მოგონებებს უკავშირდება  ზაფხულში ზღვაზე ბებია-ბაბუასთან სტუმრობა, ბაბუა პედაგოგი და შემოქმედი იყო,  მორალურ და ზნეობრივ ღირსებებს მინერგავდა.
მესაუბრებოდა ადამიანურ ფასეულობებზე. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი სიტყვები: არა მხოლოდ საკუთარ თავზე, ადამიანმა უნდა იზრუნოს სხვის სიხარულზე.
მან დიდი როლი შეასრულა ჩემს პიროვნულ განვითარებაში. ჩემთვის იყო და დარჩება ოჯახის ეტალონად.
თოჯინებისადმი სიყვარული?
– თოჯინებისადმი სიყვარული, როგორც ყველა პატარა გოგონას, მეც მქონდა. განსაკუთრებულად ზრუნველი ვიყავი გერმანული თოჯინებისადმი (ჩემს ბავშვობაში ხარისხიან თოჯინებად ითვლებოდა). მახსოვს, როგორ ვაცმევდი სამოსს, ფერებს ვუხამებდი, თმის ვარცხნილობას ვურჩევდი და საბოლოოდ ჩემებურ სტილს ვაძლევდი. გარშემომყოფები ჩემს კრეტიულობას დადებითად აფასებდნენ, ყველაზე სწორი შემფასებელი დედა იყო, რადგანაც შემოქმედებითი პიროვნებაა.
ჩემს ოჯახში განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ხელოვნებისადმი, ჩემს ძმას ხედვის და აღქმის უნარი ჰქონდა, სამახსოვროდ დამრჩა მისგან გაკეთებული სხვადასხვა ნაკეთობა. ასევე მნიშვნელოვანია ჩემი  მეუღლის შეფასება.  ალბათ ყველაფერმა ერთად განაპირობა ხელოვნებისადმი სიყვარული.
– პირველი თოჯინები…
– პირველი თოჯინა  რამდენიმე წლის წინ გამოვძერწე. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში სხვადასხვა წრეზე დავდიოდი, მათ შორის ხატვაზეც, არასოდეს მიფიქრია ამ გატაცებაზე.
პირველი ნამუშევარი ცნობილი მეთოჯინის, უნიჭიერესი და ახლა უკვე ჩემი მეგობრის, იულია სოროკინას დახმარებით შევქმენი. ის ჩემი პედაგოგი იყო.
ჩემი პირველი პერსონაჟი კი ბიჭი თოჯინა იყო.
თავიდან გამიკვირდა და გული დამწყდა, მინდოდა გოგონას გამოძერწვა,რადგან უფრო თავისუფალი ვიქნებოდი. ახლა რომ ვუყურებ, ძალიან მომწონს, როგორც პირველი ნამუშევარი.
– როგორ ამზადებთ თოჯინებს – შთაგონებით თუ პროტოტიპები გყავთ?
– ჩემი თოჯინები რეალისტური და ინდივიდუალურია, პროტოტიპები არ მყავს.
წინასწარ არ ვიცი, როგორი იქნება ჩემი თოჯინა. მასზე მუშაობისას ყველაფერია ჩართული: გონება, თვალი, ხელი, გული… შემდეგ თვითონ ირჩევს ხელი მოძრაობით, ფიქრებით გაძლევს იმის საშუალებას, როგორი სახის ნაკვთები გამოძერწო და ასე იღებს საბოლოო სახეს.
– რა მასალას იყენებთ?
– მასალად ვიყენებ პოლიმერულ თიხას, სინდიპომს და თმებითვის, ძირითადად ნატურალური ცხვრის ბეწვს.
– თქვენს თოჯინებს აზრიანი და მეტყველი სახეები აქვთ…
– დიახ, ბევრი მეუბნება, რომ მათ განსაკუთრებული მეტყველი სახეები აქვთ. ასე კონკრეტულად ალბათ გამიჭირდება  იმის თქმა, როგორ ვახერხებ თითოეულ ნაკეთობაში ემოციის სწორედ ჩადებას. უბრალოდ დეტალზე სკრუპულოზურად და ინდივიდუალურად ვმუშაობ. ეს ყველაფერი თავისთავად დიდ დროსა და ენერგიას საჭიროებს
– თქვენს თოჯინებს ხშირად გამსგავსებენ. ავტოპორტეტი ხომ არ შეგიქმნიათ?
– ჩემი ავტოპორტრეტული თოჯინა ჯერ არ შემიქმნია, თუმცა შვილები მთხოვენ მსგავსი თოჯინების გამოძერწვას.
– როგორ შეიქმნა გოგო ქართული ეროვნული სამოსით?
– ჩემთვის მნიშვნელოვანია ეროვნული ტრადიციები. დიახ, ეს ჯერჯერობით ძალიან საინტერესო და ფავორიტი თოჯინაა.
ერთ-ერთ საერთაშორისო გამოფენაში ვმონაწილეობდი. იქ სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ  მეთოჯინეები მოწვეულნი და საკუთარი ნამუშევრები ჰქონდათ წარმოდგენილი. იქვე დამებადა იდეა, რომ შემექმნა ეროვნული სამოსის ელემენტებით შემოსილი თოჯინა, ოღონდ ცოტა განსხვავებული, ჩემებურ სტილში და გამეტანა მომდევნო საერთაშორისო გამოფენაზე.
სამწუხაროდ, მსოფლიოში არსებული ეპიდსიტუაციის გამო, გამოფენა გადაიდო, მაგრამ თოჯინა შევქმენი. მიხარია, რომ მოწონებები დაიმსახურა.
– თქვენს ფეისბუქზე ახალი თოჯინა გამოჩნდა…
– ახლახან  დავასრულე პატარა ჟღალთმიანი და ჭორფლიანი გოგონა, სახელად ბუსა, რომელმაც დადებითი ემოციები შემოიტანა ჩემს ოჯახსა და ახლობებში.
ყოველთვის მომწონდა გოგონები ჟღალი თმებით და მყავს კიდეც, რომელსაც ხასიათით შუათანა გოგონას ვამსგავსებ.
– გამოფენები…
– აქტიურად ვმონაწილეობ შიდა გამოფენებში. საქართველოს საზღვრებს გარეთაც ვგეგმავ მონაწილეობის მიღებას. ჩემი თოჯინები აქვთ კერძო კოლექციონერებს, ახლო მყოფებს და ჯავახეთის ერთ-ერთი მუზეუმის გალერეაშია.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ, ვფიქრობ, მეტად განვავითარო და დავხვეწო ჩემი ნამუშევრები.
დიდი სურვილი მაქვს, გაიმართოს პერსონალური გამოფენა.
მინდა, რომ ბევრმა შეისწავლოს მეთოჯინეობა, რადგანაც მას მოაქვს სიმშვიდე, სიყვარული და კეთილგანწყობა.

 თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები