ირმა ინაშვილი: სიმართლე ისაა, რომ ჩვენ წაგვართვეს ხმები

“ზოგიერთი (ვითომ არჩევნების მცოდნე) “პროფესორის” საპასუხოდ ვწერ, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ პატრიოტების ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივიდა. რაღაცა ახალი მესიჯია, ეტყობა”, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ინაშვილმა მხარდამჭერებს არჩევნებზე გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ზოგიერთი (ვითომ არჩევნების მცოდნე) “პროფესორის” საპასუხოდ ვწერ, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ პატრიოტების ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივიდა. რაღაცა ახალი მესიჯია, ეტყობა.

პატივცემულო “პროფესორებო”, 3 ოქტომბერს მარტო თავისუფლების მოედანზე იდგა ეს 3% და სახლში აღარავინ იყო, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერდა? ან კაცს თუ აზროვნების უნარი აქვს, ნუთუ ვერ ხვდება, რომ ლოგიკური ახსნა არ მოიძებნება,- როგორ უნდა გვქონდეს ერთი და იგივე პროცენტი ჩვენ და ამ მონაცემებით პარლამენტში შესულ სხვა 3%-იან პარტიებს. პრესის გამავრცელებელი კომპანიის ახალგაზრდებს ქირაობდა ზემოხსენებული ერთ-ერთი პარტიის ლიდერი, რომ საარჩევნოდ ანტურაჟი შეექმნა და გამაგებინეთ, ამასაც 3% და ჩვენც, ეს ნორმალურია? არაა არც ნორმალური, არც ლოგიკური, არაა სიმართლე და ვინც თავს იტყუებს ან საზოგადოების მოტყუებას ცდილობს, ცუდი წარმოდგენა აქვს ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ნაძალადევშიც არავის მოუცია, თურმე, ჩემთვის ხმა, მცირე გამონაკლისის გარდა. მეგობრებო, “პროფესორებო”, თქვენ გინდათ დაამტკიცოთ, რომ ხალხი, რომელიც ქუჩაში მხვდებოდა, მეფერებოდა და მხარდაჭერას მიზიარებდა ან აფერისტია და მატყუებდა, ან ზარმაცია და არ მივიდა არჩევნებზე?! თუ მე მოვწონვარ, მაგრამ მაინც “ლელოს” უცნობ კანდიდატს უფრო მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი?

გარწმუნებთ, არ მიკვირს “წაგება” არჩევნებში, ისეთი ტრილერი მაჩვენა “ქართულმა ოცნებამ” საგარეჯოში, იქ 2016 წელს პირველ ადგილზე ჯერ ვინმე მუჩიკა გაიყვანეს, მეორეზე- ზურა ჭიაბერაშვილი და მესამეზე -მე. ეს ყველაფერი არჩევნების დღეს, დილით მაცნობეს. მეგობრული ზარი იყო,- ტყუილად ნუ ირჯები, პირველზე მუჩიკაა, მეორეზე ზურა და მესამეზე – შენო, საიდან იცოდნენ ეს “შედეგი” არჩევნების დილას, როცა უბნები გახსნილიც კი არ იყო?! “ქართული ოცნების” ზოგიერთ აჟიტირებულ მხარდამჭერს ვეუბნები: მე ნუ მასწავლით, ვის რამდენი ხმა ჰქონდა ან აქვს. ასეთი აჟიტირებული პროტესტი მე არ მომისმენია, როცა საგარეჯოს არჩევნები გააყალბეს. მაშინ გაყალბების დირიჟორი თინა ხიდაშელი იყო, დღეს რომ თავისუფალ არჩევნებზე გვმოძღვრავს, ის თქვენი თინა ხიდაშელი.

ყველაფერი კარგად, სწორად, უნაკლოდ იყო წარმართულიო, პოსტს პოსტზე რომ აცხობთ, კვლავ იმ “პროფესორებს” მინდა შეგახსენოთ:

უკვე პრობლემაა, როცა ოქმების დიდი ნაწილი არ ბალანსდება და საოლქო კომისიებში გულმოდგინედ წვალობენ ე.წ. შემასწორებელი ოქმების შესადგენად.

პრობლემაა, როცა ლოგიკური ახსნა არ მოეძებნება არა ერთ ფაქტს: კონკრეტული ადამიანი მივიდა კონკრეტულ უბანზე, მოგვცა ხმა და მერე გაირკვა, რომ ეს ხმა გაქრა ანუ არაა ასახული ოქმში.

პრობლემაა და ასევე, ლოგიკური ახსნა არა მოეძებნება ფაქტს, როცა ყველა პარტიის ამომრჩეველი მივიდა, თურმე, არჩევნებზე, ხოლო ჩვენი ამომრჩეველი გაერიდა ამ საპასუხისმგებლო პროცესს. პირიქით, არც ერთ წინა არჩევნებზე არ მისულა პატრიოტების იმდენი მხარდამჭერი, რამდენიც მივიდა წელს. ისეთმა ხალხმა მოგვცა ხმა, მეც კი ვერ წარმოვიდგენდი. “ქართული ოცნების” ბევრმა ძველმა, აქტიურმა მხარდამჭერმა! ისინი ახლა კითხულობენ ჩემს პოსტს და

დამეთანხმებიან, რომ სიმართლეს ვწერ. ასე რომ, აქაც ტყუილია!

სიმართლე ისაა, რომ ჩვენ წაგვართვეს ხმები. სიმართლე ისაა, რომ ჩვენი ამომრჩეველი არის პატიოსანი, მებრძოლი და არამატყუარა!!! და ამას კიდევ ბევრჯერ დაამტკიცებს. სიმართლე ისაა, რომ ეს პატიოსანი ამომრჩეველი მივიდა უბანზე, ხმა ჩვენ მოგვცა, მაგრამ მისი ხმა ან ვაშაძესთან წავიდა ან სულაც “ქართულ ოცნებასთან”ან კიდევ სხვასთან. სიმართლე ისაა, რომ “ქართული ოცნება” ხალხს არწმუნებს,- გავიმარჯვეთ დამნაშავეებზეო და ამ დროს, გაიმარჯვეს ჩვენზე. ყოჩაღ!

ამავდროულად, მადლობას ვუხდი “ქართული ოცნების” იმ პატიოსან მხარდამჭერებს, რომლებიც 3%-ს აბსურდულობაზე ამ დღეებში საჯაროდ უსვამენ შეკითხვას საკუთარ გუნდს.

მადლობელი ვარ, საზოგადოების დიდი ნაწილის, რომელიც მხარს გვიჭერს და ნდობას გვიცხადებს. ვინც ხედავს, რომ რაც მოხდა, ცუდია არა მარტო ერთი კონკრეტული პარტიისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის.

და ბოლოს, სააკაშვილის დროს ქუჩაში ვიყავით და იქიდან ვებრძოდით უსამართლობას, ახლაც იგივე გზის გავლა მოგვიწევს”,- წერს ინაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები