ალიევმა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის პირობა დაასახელა

“სომხურმა მხარემ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ლაჩინის, ქალბაჯარისა და აგდამის რაიონის ნაწილიდან ჯარს გაიყვანს და ამის შემდეგ, ბუნებრივია, მზად ვიქნებით პოლიტიკური დარეგულირებისთვის, რომელიც ბევრ ასპექტს შეეხება”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა “ინტერფაქს”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ ჟენევაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანლებს შორის მოლაპარაკება გაიმართება და გამოჩნდება, რამდენად არის მზად სომხეთი, იყოს საბაზისო პრინციპების ერთგული.

“ამის შემდეგ ჩვენს შეფასებას გავაკეთებთ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში არაერთხელ მითქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საბაზისო პრინციპებში არის გარკვეული მომენტები, რომლებიც არ გვაწყობს, თუმცა, ჯამურად, ისინი მივიღეთ. რაც შეეხება იმას, რომ პირველ ეტაპზე სავარაუდო იყო ხუთი რაიონის დაბრუნება, ახლა ეს აქტუალური აღარ არის, რადგან საბაზისო პრინციპებში ტერიტორიების დაბრუნების რიგითობა იყო განსაზღვრული, ანუ პირველ ეტაპზე ხუთი რაიონის დაბრუნება, შემდგომ ეტაპზე ქალბაჯარისა და ლაჩინის, შემდეგ კი აზერბაიჯანელების დაბრუნება მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე”, – განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, საბაზისო პრინციპების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, ამიტომ, თუ სომხური მხარე პრინციპების ერთგული დარჩება, უნდა იყოს საუბარი ლაჩინისა და ქალბაჯარის რაიონების დაბრუნებაზე, ასევე, აგდამის რაიონის ნაწილის.

“ამით შუამავლებს ამოცანებს შევუმსუბუქებთ. თუ შევთანხმდებით პოლიტიკურ დარეგულირებაზე, მაშინ სომხურმა მხარემ ამ რაიონებიდან ჯარი უნდა გაიყვანოს. ამიტომ, უნდა აიღონ ვალდებულება, რომ გაიყვანენ ჯარს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მაშინ, ბუნებრივია, ვიქნებით მზად პოლიტიკური დარეგულირებისთვის, რომელიც უამრავ ასპექტს შეეხება”, – განმარტა აზერბაიჯანის პირველმა პირმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები