კოტე ჯანდიერი – გარეჯის საქმეზე: ოპოზიციის ისტერიკული კივილი დაკავებულთა უდანაშაულობასა და ხელისუფლების წინასაარჩევნო ტრიუკებზე დასტურია, რომ დინგი მოსვრილი აქვთ და მხილების ეშინიათ
“ოპოზიციის ისტერიკული კივილი დაკავებულთა უდანაშაულობასა და ხელისუფლების წინასაარჩევნო ტრიუკებზე იმის დასტურია, რომ დინგი მოსვრილი აქვთ და მხილების ეშინიათ”, – ამის შესახებ მწერალმა, კოტე ჯანდიერმა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, 1938 წლის რუკის გაქრობა საქართველოს არქივებიდან სახელმწიფო მასშტაბის დივერსიაა.
,,1938 წლის 200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომელზეც მკაფიოდ ჩანს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დღეს სადავო მონაკვეთი, საშუალებას იძლევა, მკაფიოდ დავინახოთ, რომ დავით გარეჯის კომპლექსი საქართველოს საზღვრებშია დატოვებული. ეს ხელმოწერილია ორივე მეზობელი რესპუბლიკის იმდროინდელი ხელმძღვანლებისა და საკავშირო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მიერ. ამიტომაც წარმოადგენს ეს რუკა რეალურ არგუმენტსა და ინსტრუმენტს აზერბაიჯანის ტერიტორიული პრეტენზიების საწინააღმდეგოდ, რამაც გასული საუკუნის 90-იან წლებში იჩინა თავი. ასეთივე რუკები, მხარეების მხრივ ხელმოწერილი და დადასტურებული, ინახებოდა ბაქოშიც და მოსკოვშიც და ისინი ისეთივე ორიგინალებია, როგორიც – თბილისში დაცული რუკები. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან საერთაშორისო ტერიტორიულ დავებში მხოლოდ ორიგინალებზე დაყრდნობით მიიღება გადაწყვეტილებები, ასლებს კი იურიდიული ძალა არ გააჩნია.
1938 წლის რუკის გაქრობა საქართველოს არქივებიდან, ცხადია, სახელმწიფო მასშტაბის დივერსიაა და ამის ჩამდენი კანონის მთელი სიმძიმით უნდა დაისაჯოს. მე არ ვიცი, როგორ მოხვდა ეს რუკა ქალბატონ ილიჩოვასთან, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუმცა, ცხადია, მას, როგორც საზღვრის დელიმიტაციის კომისიის წევრსა და პროფესიონალს, წვდომა ჰქონდა სახელმწიფო მნიშვნელობის კარტოგრაფიულ დოკუმენტთან. ისიც ფაქტია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მას არ გაუმჟღავნებია რუკის ადგილმდებარეობა, რაც მის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენდა”, – განაცხადა კოტე ჯანდიერმა.
მწერლის თქმით, სააკაშვილს არაფერი გაუკეთებია 1938 წლის რუკის მოსაძიებლად და მოლაპარაკება ისევ იმ 500 000-მასშტაბიან რუკაზე დაყრდნობით წარიმართა.
“საინტერესოა სააკაშვილის მთავრობის დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი. შევარდნაძის დროს ღიად დარჩენილმა საკითხმა მისი ,,მეფობის” დროს ხელახლა შეიძინა აქტუალურობა და აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე დაჟინებით წამოაყენა პრეტენზიები. სააკაშვილს არაფერი გაუკეთებია 1938 წლის რუკის მოსაძიებლად და მოლაპარაკება ისევ იმ 500 000-მასშტაბიან რუკაზე დაყრდნობით წარიმართა. მაღალი თანამდებობის პირები თავიანთ საჯარო განცხადებებში გარეჯის კომპლექსს აზერბაიჯანის ტერიტორიად აცხადებდნენ. ოპოზიციის ისტერიკული კივილი დაკავებულთა უდანაშაულობასა და ხელისუფლების წინასაარჩევნო ტრიუკებზე იმის დასტურია, რომ დინგი მოსვრილი აქვთ და მხილების ეშინიათ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დასაცავია – არჩევნებამდეც, არჩევნების შემდგომაც და არჩევნების მომენტშიც, მაგრამ ამათ ხომ ეს არ ანაღვლებთ”, – განაცხადა კოტე ჯანდიერმა.
ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი – ნატალია ილიჩოვა უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავეს.
საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების 10-დან 15 წლამდე აღკვეთას გულისხმობს.