მამუკა არეშიძე: ,,ნაცმოძრაობა” მზად არის, ყველაფერზე წავიდეს ძალაუფლების დასაბრუნებლად

,,ნაციონალური მოძრაობა” მზად არის, ყველაფერზე წავიდეს ძალაუფლების დასაბრუნებლად”, – ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა” და მისი მეგობრები მუდმივად ცდილობენ ძალის დემონსტრირებას. ეს მათ ახასიათებდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და მერეც.

“სამწუხაროდ, დაძაბულობის ტალღა სულ უფრო გაძლიერდება. ეს ყოველ არჩევნებს ახლავს, მაგრამ ახლა უჩვეულო ვითარებაში გვიწევს ცხოვრება ჩვენც და მსოფლიოსაც – ვგულისხმობ პანდემიას. ეს, ბუნებრივია, ბევრ რამეს ართულებს; თანაც, ვხედავ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” მზად არის, ყველაფერზე წავიდეს ძალაუფლების დასაბრუნებლად. ბოლო კვირების განმავლობაში გვიმტკიცებენ, რომ თურმე ძალოვანების ნაწილი მხარს უჭერს და, საჭირო შემთხვევაში, მათ გამოიყენებენ. ჯერ სამხედროების რაღაც ჯგუფი გამოიყვანეს, მერე – ყოფილი პოლიციელების, პოლიციელებზე არაფერს ვიტყვი – იქ ვინც იყვნენ, არავის ვიცნობ, მაგრამ სამხედროების, ვეტერანების მართლაც გამკვირვებია, იმიტომ, რომ კარგად მახსოვს, რამდენიმე მათგანს ,,ნაციონალების” მმართველობის დროს მემორიალთან როგორ სცემეს, როდესაც სოციალური მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ჩანს, თავმოყვარეობაზე მეტად ამ ხალხში სხვა ბერკეტები მუშაობს.

მოკლედ, ,,ნაციონალური მოძრაობა” და მისი მეგობრები მუდმივად ცდილობენ ძალის დემონსტრირებას. ეს მათ ახასიათებდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და მერეც. ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს რომ ვუყურებ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ქვეყანა მათთვის მეორეული, სამშობლო კი ცარიელი სიტყვაა და არა – ღირებულება. მთავარია, როგორმე საკუთარი პოლიტიკური მომავალი გაჩარხონ”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მამუკა არეშიძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი მაინც ,,ქართულ ოცნებას” აქვს, თუმცა, შედეგებზე პანდემია დიდ გავლენას მოახდენს.

,,ამ ეტაპზე კვლავ ვერ ვხედავ კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას, რადგან ,,ქართულ ოცნებას, მოუხედავად ყველაფრისა, გამარჯვების მაინც მეტი შანსი აქვს, არა იმიტომ, რომ ის ყველაზე მისაღები პოლიტიკური ძალაა, არამედ იმიტომ, რომ მისი მოწინააღმდეგე მთავარი ოპოზიციური ძალა უფრო მიუღებელია, მაგრამ ვითარება ისეთია, რომ საბოლოო შედეგზე დიდ გავლენას მოახდენს პანდემია.

ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ხელიდან გაუსხლტა სიტუაცია, თუმცა მე ასე არ მგონია. ხელისუფლება, იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა შეენარჩუნებინა, იძულებული გახდა, შეღავათები დაეწესებინა, ამან კი შედეგი მოიტანა. ჩვენს მეზობლებში უარესი მდგომარეობაა, მაგრამ ამაზე აღარ ვფიქრობთ, რადგან შევეჩვიეთ, რომ ჩვენ უკეთესად ვუმკლავებით ეპიდპრობლემებს”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები