ინდოეთში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა – დემონსტრანტები განათლების მინისტრის გადადგომას ითხოვენ

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ათასობით დემონსტრანტი პარლამენტისკენ მსვლელობით გაემართა და განათლების მინისტრ დჰარმენდრა პრადჰანის გადადგომა მოითხოვა. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრების აკრძალვის ფონზე, აქციის მონაწილეების შესაჩერებლად ხელკეტები გამოიყენეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა და დაკავებები განხორციელდა.

პროტესტი ორგანიზებული იყო მოძრაობა „Cockroach“-ის მიერ, რომელიც ბოლო თვეებში ინდოეთის მასშტაბით მილიონობით მხარდამჭერს აერთიანებს.

მოძრაობის მონაწილეები ხელისუფლებას ახალგაზრდებში მაღალი უმუშევრობისა და განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამო აკრიტიკებენ.

დემონსტრაციების ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 18 ივლისს შიმშილობის მონაწილე აქტივისტი სონამ ვანგჩუკი პოლიციამ საავადმყოფოში იძულებით გადაიყვანა.

მედიის თანახმად, „Cockroach“-ის მოძრაობა პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მესამე პრემიერ-მინისტრობის ვადის განმავლობაში ხელისუფლების წინაშე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საზოგადოებრივ გამოწვევად მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები