ლევან ნიკოლეიშვილი – ირან-ამერიკის ურთიერთობებზე: რეალურად, არ ხდება შეთანხმება; ომი ასე ადვილად არ დასრულდება
“რეალურად, არ ხდება შეთანხმება. ვერც ერთი მხარე ვერ იკმაყოფილებს იმას, რაც მას მართებულად მიაჩნია. ეს ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ომი ასე ადვილად არ დასრულდება”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ირან-ამერიკის ურთიერთობების ახალ ფაზაზე საუბრისას განაცხადა.
„დღეს ირანის წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა, რომ ირანი არ დაუშვებს იმას, რომ ურანის გამდიდრების პროგრამა ჩაიშალოს, ვინაიდან ეს მათი ეროვნული ინტერესია და შესაბამისად, როდესაც ასეთი დაძაბულობაა და ამ დაძაბულობაში უკვე ჩართულია სამხედრო მექანიზმები, საუბარია, საავიაციო დარტყმებზე და საკმაოდ სერიოზულ ზარალზეა საუბარი, როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ასევე სამხედრო ბაზების თვალსაზრისითაც, აქ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ რეალურად არ ხდება შეთანხმება. ვერც ერთი მხარე ვერ იკმაყოფილებს იმას, რაც მას მართებულად მიაჩნია. ეს ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ომი ასე ადვილად არ დასრულდება და თუნდაც, ხვალ რომ შეთანხმდნენ, შესაძლოა, მალევე ამოტივტივდეს ახალი კერა, რადგან მათ თავიანთი ინტერესების დაკმაყოფილებას ვერ მიაღწიეს.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში უმთავრესი არის ენერგეტიკული ინტერესები, რომელიც ეკონომიკურ ინტერესებზეა გადაბმული და ეს ასე მარტივად არ დასრულდება“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.