კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საოპერო მომღერლისა და პედაგოგის – გიორგი ლომთაძის გარდაცვალების გამო
საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, საოპერო მომღერლისა და პედაგოგის, გიორგი ლომთაძის გარდაცვალების გამო.
„გიორგი ლომთაძე გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, არტისტული ოსტატობითა და განსაკუთრებული საშემსრულებლო კულტურით. წლების განმავლობაში, ქუთაისის ოპერის სცენაზე მან მსოფლიო და ქართული საოპერო რეპერტუარის არაერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი სახე შექმნა.
სასცენო მოღვაწეობის პარალელურად გიორგი ლომთაძე ათწლეულების განმავლობაში ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა და არაერთი წარმატებული მომღერლის აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი გიორგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – ნათქვამია სამძიმარში.