“უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი” – სასაზღვრო პოლიციამ 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორების ,,ჭარალისა” და ,,კარწახის” დასაცავ მონაკვეთებზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.
“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ გატარდა საიმიგრაციო პროცედურები, რის შედეგადაც განხორციელდა მისი ქვეყნიდან გაძევება”, – წერია ინფორმაციაში.