სომხეთში ფერმერებმა მოსავლის გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გზა გადაკეტეს
სომხეთში ფერმერებმა ერევანი-იერასხის ირანისკენ მიმავალი საერთაშორისო მაგისტრალი გადაკეტეს, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია news.am იუწყება.
„კომპანიები ჩვენს პომიდორს არ ყიდულობენ იმ მოტივით, რომ გადამუშავებული პროდუქციის ექსპორტს ვერ შეძლებენ“, – განუცხადა ერთ-ერთმა მომიტინგემ ონლაინ გამოცემას.
ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი ფერმერებს პომიდვრისა და კიტრის შესყიდვის საკითხის მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა მომიტინგეები პრობლემებზე კვლავ ჩივიან. მაგალითად, არარატის რეგიონის ერთ-ერთმა მცხოვრებმა აღნიშნა, რომ მის მინდვრებში 60 ტონა პომიდორი დარჩა, რომლის შეძენაზეც გადამამუშავებელი ქარხნები უარს ამბობენ.
გამოცემის ცნობით, გარკვეული დროის შემდეგ, ფერმერები გზის გახსნაზე შეთანხმდნენ.
მაისის ბოლოს, „როსელხოზნადზორმა“ (ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა) სომხური ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტები რეგულაციებთან შეუსაბამოდ გამოაცხადა და გასული თვის შუა რიცხვებში ყველა საკარანტინო ტვირთზე შეზღუდვები დააწესა. ამ ზომამ ასევე რუსეთის გავლით ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში ტრანზიტზეც იმოქმედა.