ჰუსიტებმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადეს

იემენის მეამბოხე მოძრაობა „ანსარ ალაჰის“ (ჰუსიტების) წარმომადგენლებმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადეს.

მოძრაობის სამხედრო წარმომადგენლის განცხადებით, მათი ძალები სამიზნედ მიიჩნევენ საუდის არაბეთის პორტებისკენ მიმავალ ან მათთან დაკავშირებულ გემებს. ჰუსიტების თქმით, გადაწყვეტილება საუდის არაბეთის სამხედრო მოქმედებებსა და იემენის ტერიტორიაზე განხორციელებულ იერიშებს უკავშირდება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოძრაობა იტოვებს უფლებას, ერ-რიადის ქმედებებზე საპასუხოდ „ყოვლისმომცველი ესკალაცია“ განახორციელოს.

„შეიარაღებული ძალები ადასტურებენ სრულ მზადყოფნას ყველა შესაძლო სცენარისთვის. ჩვენ მკაცრად ვუპასუხებთ ნებისმიერ სისულელეს, რომელსაც საუდის არაბეთი ესკალაციის გზით ჩაიდენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას საუდის არაბეთის ხელისუფლების ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

როგორც მედია აღნიშნავს, ბაბ ელ-მანდების სრუტე, რომელიც წითელ ზღვას ადენის ყურესთან აკავშირებს, მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზღვაო სავაჭრო მარშრუტად ითვლება. ექსპერტების შეფასებით, აღნიშნულ რაიონში დაძაბულობის ზრდამ, შესაძლოა, საერთაშორისო გადაზიდვებსა და ენერგომატარებლების მიწოდებაზე გავლენა მოახდინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები