ელისო ბოლქვაძე: ჩვენი გუნდის მიზანია კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და წავახალისოთ შემოქმედებითი ინდუსტრიები

„დღევანდელ მსოფლიოში, ერების დაახლოების კონტექსტში, კულტურა დიდ როლს თამაშობს. სხვადასხვა იდენტობის მქონე ხალხთა კულტურული კავშირები ამდიდრებს ერთიანი ევროპის იდეას და გლობალურად ხელს უწყობს კაცობრიობის განვითარებას. საქართველო თავისი მდიდარი ისტორიითა და მისწრაფებებით, უძველესი და გამორჩეული ქვეყანაა, რომელსაც თავისი ღირსეული ადგილი უჭირავს თანამედროვე მსოფლიოში. სწორედ ამ ტრადიციის გასაგრძელებლად და პოზიციების გასამყარებლად შემუშავდა „ქართული ოცნების” მომავალი 4 წლის პროგრამა, რომელსაც დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიის წევრმა ელისო ბოლქვაძემ ქუთაისში, საარჩევნო პროგრამის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
​ბოლქვაძემ იმ გეგმებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებას „ქართული ოცნება” მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს.

ელისო ბოლქვაძემ პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას შეახსენა, რომ 2021 წელს ქუთაისი ევროპის საბჭოს საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს, რაც ქუთაისის კულტურის დედაქალაქად გადააქცევს.

„მინდა, პირველ რიგში აღვნიშნო, რომ 2021 წელს, შემოდგომაზე, სწორედ ისტორიული ქალაქი, ქუთაისი, უმასპინძლებს ევროპის საბჭოს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმს და ქუთაისს კულტურის დედაქალაქად გადააქცევს. კულტურა, პირველ რიგში არის სულიერი და ესთეტიური საზრდო, თვითგამოხატვის და იდენტობის ჭეშმარიტი საშუალება. კულტურა ამავე დროს განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდის მიზანია კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და წავახალისოთ შემოქმედებითი ინდუსტრიები. მნიშვნელოვანია, ქართული, ისტორიული ძეგლების გაცოცხლება, კულტურული ტურიზმისა და საფესტივალო პროგრამების სწორი განვითარების საშუალებით. დაგეგმილია ქართული დღეების ჩატარება ევროპის სხვადასხვა ქალაქში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას და პოზიციონირებას მსოფლიო სივრცეში”, – აღნიშნა ბოლქვაძემ და დასძინა, რომ „ქართული ოცნებისთვი” განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ხელოვნების სფეროში ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვას:

„2022 წელს ევროპისა და ბენილუქსის ქვეყნებში იგეგმება ქართული კულტურის ზეიმი, ბელგიის სამეფო ოჯახის პატრონაჟით ფესტივალი „ევროპალია” მთლიანად საქართველოს მიეძღვნება. „ქართული ოცნების” ერთ–ერთი განსაკუთრებული პრიორიტეტია კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგრძელდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების და ქართული ძეგლების მსოფლიო ნუსხაში ნომინირების პროცესი. სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს ეროვნული იდენტობის წარმოჩენის მიზნით ქართული პოლიფონიური მუსიკისა და ხალხური ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობას. მუსიკისა და ხელოვნების თანამედროვე სტანდარტების განვითარების მიზნით, გაგრძელდება ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების შექმნა და წარმოჩინება. ქართული გენი მაღალი ნიჭიერებით გამოირჩევა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ხელოვნების სფეროში ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვას. ასევე ახალგაზრდა ხელოვანთა ინიციატივების ხელშეწყობას და პერსპექტივების გაფართოებას”, – განმარტა ბოლქვაძემ.

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციაზე ელისო ბოლქვაძემ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების” ერთ–ერთი პრიორიტეტი, ასევე, იქნება ეროვნული კინემატოგრაფიისა და ინფრასტრუქტურული პლატფორმების განვითარება, ასევე, ქართული კინოშედევრების პოპულარიზაცია.

„მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ქართველ ხელოვანს, კარგად მესმის, ხელშეწყობისა და მოტივაციის ფასი, რადგან მე და ჩემი თაობის ხელოვანებს გამოვლილი გვაქვს მძიმე პერიოდები საქართველოში. ამიტომაც, გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების მქონე ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო გააფართოებს სასტიპენდიო ფონდებს, რომლებიც მათ გზას გაუხსნის წარმატებისკენ. „ქართული ოცნების” ერთ–ერთი პრიორიტეტი ასევე იქნება ეროვნული კინემატოგრაფიისა და ინფრასტრუქტურული პლატფორმების განვითარება, ასევე ქართული კინოშედევრების პოპულარიზაცია. გაგრძელდება ერთობლივი საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერა და კინომემკვიდრეობის დიგიტალიზაციის პროცესი. მნიშვნელოვანი ფაქტორია თეატრალური და ლიტერატურული სფეროს განვითარების ხელშეწყობა. ქართული მწერლობისა და საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, როგორც საქართველოში, ასევე ცნობილ საერთაშორისო პლატფორმებზე. ქართული კულტურა და ხელოვნება იყო, არის და იქნება ხალხის სამსახურში მუდამ. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა სპეციალური პროგრამები კულტურის ხელმისაწვდომობისათვის, განსაკუთრებით ქვეყნის რეგიონებში კულტურული ცხოვრების გასააქტიურებლად”, – განაცხადა ბოლქვაძემ.

მისი თქმით, ხელოვნების, განათლების, შემოქმედების ხარისხის ასამაღლებლად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება კვლავ გაგრძელდება. ელისო ბოლქვაძემ სიტყვის დასასრულს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” მიერ შემუშავებული მრავალმხრივი კულტურული სტრატეგიის განვითარების პროგრამა საწინდარია საქართველოს საერთაშორისო სივრცეში განსაკუთრებული ადგილის დასამკვიდრებლად, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს:

„გაგრძელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულების შემოქმედებითი მოღვაწეობის ხარისხის ასამაღლებლად განახლდება მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, მათ შორის იგულისხმება მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვა. დასასრულს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პანდემიის პირობებში არ დაზოგა ენერგია და მსმენელს ადაპტირებული ფორმატით, კრეატიული, მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამები შესთავაზა და საქართველო ამით შეუერთა მსოფლიო გლობალურ პროცესს, კულტურის გადასარჩენად. „ქართული ოცნების” მიერ შემუშავებული მრავალმხრივი კულტურული სტრატეგიის განვითარების პროგრამა საწინდარია საქართველოს საერთაშორისო სივრცეში განსაკუთრებული ადგილის დასამკვიდრებლად, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ხელოვნება აერთიანებს ერებს და კულტურული დიპლომატია ყველაზე საიმედო გარანტიაა მშვიდობისათვის,” – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები