“იმედს ვიტოვებ და დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება დამნაშავის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა”

“სამძებრო ღონისძიებები კვლავაც ტარდება. მრავალი ოპერატიული ღონისძიებაა დაგეგმილი დღის განმავლობაში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა “საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

„პირველი ეტაპი, რომლის უმთავრეს ამოცანასაც წარმოადგენდა მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საფრთხის განეიტრალება, ეს შედეგი დადგა და ამისთვის მადლობა მინდა, ვუთხრა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, იყო შესაძლებლობა, რომ ყველაფერი სხვა სცენარით განვითარებულიყო, მაგრამ სამართალდამცავებმა ამისგან თავი შეიკავეს და მიღწეული იქნა მიზანი. სპეციალური მადლობა მინდა, ვუთხრა ავთანდილ გალდავას, რომელმაც მაღალი პროფესიონალიზმი გვაჩვენა. ოპერაცია კვლავაც მიმდინარეობს, სამძებრო ღონისძიებები ტარდება. ვიცი, რომ დღესაც მრავალი ოპერატიული ღონისძიებაა დაგეგმილი დღის განმავლობაში. იმედს ვიტოვებ და დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება დამნაშავის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა.

მე მესმის ჟურნალისტებისა და საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი, მაგრამ ადამიანები და პოლიტიკოსები, რომლებიც სპეკულაციას იწყებენ და ცდილობენ, თავი წარმოაჩინონ, როგორც უმაღლესი დონის გამომძიებლები, ვთვლი, რომ ეს არის უპასუხისმგებლობა. გვყავს შესაბამისი კომპეტენტური სამართალდამცავი ორგანოები, რომლებსაც უნდა მივცეთ საშუალება იმუშაონ“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, გუშინ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დღის ბოლოს თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გვიან ღამით დარჩენილი სამი მძევალიც გათავისუფლდა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები