მიხეილ სააკაშვილი – ზუგდიდის მოვლენებზე: სახელმწიფო, პრაქტიკულად, გაანადგურეს
“საქართველოს სახელმწიფო, პრაქტიკულად, გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით. საქართველოში აღარაა სახელმწიფო, საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი”, – ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ზუგდიდში მომხდარი მოვლენები.
როგორც სააკაშვილმა სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვაში განაცხადა, საქართველოში მოქალაქეებს სრული დაუცველობის განცდა აქვთ.
„რა იყო ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ? ასეთი რამ არა მხოლოდ საქართველოში არ იყო არასდროს წარმოსადგენი, შევარდნაძის დროსაც კი, ჩვენ დროს აღარ ვსაუბრობ, ასეთი რამ შეუძლებელია, ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. საქმეც ისაა, რომ საქართველოს სახელმწიფო, პრაქტიკულად, გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით. საქართველოში აღარაა სახელმწიფო, საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი. რითი არიან დაკავებულები პოლიციის თანამშრომლები და სუს-ი? იმის მაგივრად, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვან, ივანიშვილის დავალებით სხედან შტაბებში, წინ უდევთ სიები, მოქალაქეების, ბიზნესმენების და დაკავებულები არიან შანტაჟით, დაშინებით, მოსყიდვით.
გუშინ შეიარაღებული თავდამსხმელი მივიდა თავდასხმის ადგილზე, ჩაცმულობით, იარაღით, როგორც ამბობენ, გატაცებული მანქანით, ქალაქის ცენტრში, ისე, რომ არავინ გააჩერა, რატომ? იმიტომ, რომ იქ იყო დაგეგმილი “ნაციონალური მოძრაობის” მრავალათასიანი აქცია, სუს-ი და პოლიცია კი გადართული იყო იმ აქციის კონტროლზე. “მარშუტკა” არავის წაეყვანა დამატებით, ავტობუსებს აკონტროლებდნენ, სურათებს უღებდნენ ხალხს და მათ არ ეცალათ მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კრიმინალებისთვის. შედეგად, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
ეს არის წარმოუდგენელი რამ, ეს არის ის, რომ ჩვენ მოქალაქეებს ყველგან აქვთ დიდი დაუცველობის განცდა. ეს არის არამხოლოდ სრული დაუცველობა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ფინანსური კუთხით, არამედ ფიზიკური დაუცველობის განცდა და ეს ყველაფერი გააკეთა პირადად ივანიშვილმა, რომელიც მთელი პერიოდის მანძილზე მოგვიწოდებდა, კრიმინალს გაგებით მოვკიდებოდით. ეს გააკეთა იმან, ვინც ხელისუფლებაში რამდენიმეთვიანი პატარა ბავშვის მკვლელობით მოვიდა. ეს ყველაფერი ლოგიკურად უნდა დასრულდეს რამდენიმე დღეში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, რაც გუშინ მოხდა, მიიღებს ბევრად ურო მასშტაბურ და გავრცელებულ ხასიათს. ჩვენ ამას ყველა ერთად არ დავუშვებთ, ქართველი ხალხი იმსახურებს უსაფრთხოებასა და ნორმალურ პირობებში ცხოვრებას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მოგვიანებით, ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბანკის შენობა რადენიმე მძევალთან ერთად დატოვა და პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. დანარჩენი მძევლები კი გათავისუფლდნენ.
ამ დროისთვის, ყველა მძევალი თავისუფალია და თავდამსხმელის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მძევლად აყვანას გულისხმობს.