როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, არ ფლობენ ინფორმაციას, რომ ზუგდიდელი თავდამსხმელი მათ ტერიტორიაზე მოხვდა

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი, რომელმაც ზუგდიდის ბანკში მძევლები აიყვანა, მათ ე.წ. ტერიტორიაზე მოხვდა.

​ამის შესახებ ე.წ. უწყების ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა, რუსტამ ლატიპოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ენგურის ხიდის ე.წ.საკონტროლო პუნქტი 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდეა ჩაკეტილი. ამ დროს ე.წ.საზღვრის გადაკვეთას ბოროტმოქმედი ვერ შეძლებდა.

“რუსეთთან ერთობლივად სასაზღვრო ზონის პერიმეტრზე ყველა საჭირო ზომა გატარდება, რომ დამნაშავემ აფხაზეთის ტერიტორიაზე შეღწევა ვერ შეძლოს”, – თქვა მან.

მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რომ ზუგდიდიდან ავტომობილი აფხაზეთისკენ გაემგზავრა.

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი, რომელსაც გუშინ ზუგდიდში რამდენიმე საათის განმავლობაში “საქართველოს ბანკის” შენობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი, შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მისი მოთხოვნა 500 ათასი დოლარის მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები