ირაკლი მარგველაშვილი: თუ ექიმებისა და ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკურ კავშირებს შევზღუდავთ, წამლის ხარჯები 25-30 %-ით შემცირდება

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ხუთ წელში მედიკამენტების ფასმა საქართველოში 57-100%-ით მოიმატა. რა განაპირობებს ფასების ზრდას და რას უნდა ელოდოს ახლო მომავალში მომხმარებელი? ამ და კიდევ სხვა საკითხებზე „კვირა“ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი მარგველაშვილს ესაუბრა.

ოფიციალური მონაცემებით, მედიკამენტები ბოლო ხუთ წელიწადში მნიშვნელოვნად, ზოგ შემთხვევაში 100 %-ით გაძვირდა, რა არის ამის მიზეზი?

ფასებთან დაკავშირებული სტატისტიკა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არ არის სისტემური, ანუ ზოგი მედიკამენტის ფასი ძალიან მაღალია, ზოგის – დაბალი და ამიტომ ფასთანამატის გასაშუალოება ძალიან ძნელია. მედიკამენტის ფასს რამდენიმე კომპონენტი განსაზღვრავს. მინდა გითხრათ, რომ ადგილობრივ ბაზარზე არსებული მედიკამენტების 90 % იმპორტირებულია. ამ მედიკამენტების შეძენა ხდება ევროში და დოლარში, შესაბამისად, მათი ეროვნული ვალუტის, ანუ ლარის დევალვაცია განაპირობებს კიდეც მედიკამენტების ფასს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ლარი არის 100 %-ით გაუფასურებული. შესაბამისად, მედიკამენტების ძვირდება, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მედიკამენტების ფასნამატი ჩამორჩება ლარის დევალვაციას. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ გაძვირება არის, მაგრამ არა – ლარის დევალვაციის შესაბამისად. მეორე ფაქტორი, რაც მედიკამენტის გაძვირებას იწვევს, არის კოვიდ პანდემია და მასთან დაკავშირებული სატრანსპორტო შეზღუდვები. მედიკამენტების მოწოდება საქართველოში ხდება სახმელეთო ან საჰაერო საშუალებებით, კოვიდის პირობებში კი ეს საშუალებები ძალიან შეიზღუდა და, შესაბამისად, გაიზარდა მათი მომსახურების ფასებიც. ამ ყველაფრის ერთობლიობამ კი, ბუნებრივია, რომ გაზარდა მედიკამენტის ფასიც.

არსებობს მოსაზრება, რომ მედიკამენტებზე მოგების მარჟა საქართველოში 100-200 და ხშირ შემთხვევაში 300 %-საც აჭარბებს. ამაზე რას იტყვით?

მე წარმოვადგენ ასოციაციას, რომელშიც გაერთიანებულია 16 მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია. ამ კომპანიების პროდუქციას საქართველოს ბაზრის 40 % უკავია. აი, ამ პროდუქციაზე ფასნამატი, ანუ სხვაობა მოწოდების ფასსა და მომხმარებლის მიერ გადახდილ თანხას შორის 40-45 %-ს არ აღემატება. ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად ცივილური ფასნამატია, სხვანაირად კომპანიები უბრალოდ ვერ ვიმუშავებენ. მე ვერაფერს გეტყვით იმ კომპანიებზე, რომლებიც ჩვენი ასოციაციის წევრები არ არიან. შესაძლოა, ცალკეულ მედიკამენტებზე მართლაც არის 100-200 %-იანი ფასნამატი.

შექმნილ სიტუაციაში რას უნდა ელოდოს მომხმარებელი. გაიზრდება თუ არა მედიკამენტების ფასი, მოსალოდნელია თუ არა დეფიციტი რომელიმე პრეპარატზე?

ფასი დამოკიდებულია ლარის კურსზე. არა მგონია. ლარი ისე გაუფასურდეს, რომ ამან მედიკამენტების ფასში დრამატული ცვლილებები შეიტანოს. დაზუსტებით რაც შემიძლია, ვთქვა, არის ის, რომ წამლის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის და პანიკის საფუძველიც არ არსებობს.

ფასის შენარჩუნების ერთ-ერთ საშუალებად იმპორტირებულ მედიკამენტებზე კურსთა შორის სხვაობის სუბსიდირება სახელდება. თქვენ რას ფიქრობთ?

სუბსიდირება ვერ შეეხება მედიკამენტების მთელ სპექტრს. აქ საუბარია იმ მედიკამენტებზე, რომელსაც ყველახშირად იყენებს ყველაზე მოწყვლადი მომხმარებელი. ეს იქნება ერთ-ერთ დამხმარე მექანიზმი იმისათვის, რომ მოხდეს ფასების რეგულირება. ასეთმა მოწყვლადმა ჯგუფებმა და, არამარტო მათ, მედიკამენტებზე დიდი თანხები რომ არ დახარჯონ, აუცილებელია იმ წამლების დანიშვნა და მოხმარება, რომელიც მათ ნამდვილად სჭირდებათ. მოკლედ, ადამიანებმა ფული არ უნდა დახარჯონ იმ წამალზე, რომელიც მათ არ სჭირდებათ. თუ ექიმებისა და ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიის არაეთიკურ კავშირებს შევზღუდავთ, მოსახლეობის ხარჯები მედიკამენტებზე 25 – 30 %-ით პროცენტით შემცირდება.

ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების ხარისხზე რას იტყვით. არსებობს მოსაზრება, რომ მათი სამკურნალო თვისებები დაბალია?

საქართველოში არის 80-მდე საწარმო, სადაც მედიკამენტებს ამზადებენ. აქედან ორი მსხვილი მწარმოებელია, ესენია ჯი-ემ-პი და “ავერსი”. მე მათ ქარხნებში ნამყოფი ვარ და შემიძლია, ვთქვა, რომ საკმაოდ მაღალი დონის წარმოება აქვთ. ძირითადად, ჯენერიულ პრეპარატებს ამზადებენ, ანუ ორიგინალს არ აწარმოებენ. თუმცა მე, როგორც ექიმს, არ მაქვს იმის განცდა, რომ ეს უხარისხო პროდუქტია. სხვა საქარმოებზე ვერაფერს გეტყვით. შექმნილ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება როგორვ იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივ პროდუქციაზე კონტროლის გაზრდა. 2009 წელს მიღებული კანონი ფარმაცევტულიი პროდუქციის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებს, ვერ უზრუნველყოფს წამლის ხარისხს და ის შესაცვლელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები