სუს-ის ინფორმაციით, „ჰექსოგენის“ საქმეზე ორი პირის დაკავებისთანავე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ აცნობა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს, რომელსაც ოფიციალური გზავნილის მიღება დადასტურებული აქვს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებას პასუხობს.

როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტზე უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ უკრაინის საელჩო ინფორმირებულია.

„მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ერთ-ერთი მოწმე პირდაპირ მიუთითებს უკრაინის სპეცსამსახურებზე როგორც დანაშაულის შემკვეთზე, აღნიშნული ორი პირის დაკავებისთანავე, ჯერ კიდევ იმ ეტაპზე, როცა გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით იყო დაწყებული, კანონით დადგენილი წესით ეცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ჩვენთვის ცნობილია, რომ ასევე დაუყოვნებლივ აცნობა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს, კერძოდ, ანდრი ბილიკს. ამ უკანასკნელს დადასტურებული აქვს შესაბამისი ოფიციალური გზავნილის მიღებაც“, – აცხადებენ სუს-ში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკრაინის საელჩომ დღეს სოციალურ ქსელში შემდეგი განცხადება გაავრცელა:

„საქართველოში უკრაინის საელჩო ახორციელებს „ქართული სამართალდამცავი ორგანოების მიერ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენის უკანონო ტრანსპორტირებაში ეჭვმიტანილი ორი უკრაინის მოქალაქის დაკავების“ შესახებ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მუდმივ მონიტორინგს.

ამჟამად, საელჩოს ქართული მხრიდან არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია მათ წინააღმდეგ ამ ბრალდებებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. საელჩოს საკონსულო თანამშრომლები ყოვლისმომცველ ზომებს იღებენ, რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღონ ნებართვა ზემოაღნიშნულ უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად და მათი დაკავების ყველა გარემოების გასარკვევად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები