ალუდა ღუდუშაური – ოპოზიციის დაპატიმრებულ ლიდერებზე: მათ არ გააჩნიათ პასუხისმგებლობა, ძალიან კარგად იციან, რომ კანონდარღვევის საპასუხოდ მათ მიმართ იმუშავებს კანონი
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ.
როგორც მან გადაცემა „ღამის კურიერში“ აღნიშნა, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების ნაწილი გააზრებულად ჩადის დანაშაულს, შესაბამისად, იციან, რომ სამართალდამცველ ორგანოებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ.
„მათ არ გააჩნიათ პასუხისმგებლობა. ნებისმიერი ქვეყანა დამისახელეთ, გნებავთ განვითარებული, გნებავთ ნაკლებად განვითარებული, სადაც პოლიტიკოსობა უნდოდეთ და მას არ გააჩნდეს პასუხისმგებლობა – ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. მათ ეს პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ.
იციან, რომ ჩაიდინეს კანონდარღვევა, დანაშაულში არიან მხილებულნი, კანონთან აქვთ წინააღმდეგობა. ზრდასრულმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის რა არის და რა არ არის კანონდარღვევა. ეს არის დეკლარირებული, გაცხადებული ნაბიჯი მათი მხრიდან – „დიახ, ჩვენ ამას დავარღვევთ“. ძალიან კარგად იციან, რომ ამის საპასუხოდ მათ მიმართ იმუშავებს კანონი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.