WSJ: აშშ და ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე შეთანხმებას ვერ აღწევენ, ევროკავშირი პასუხს ეძებს
ევროპული ქვეყნები და შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების თაობაზე შეთანხმებას ვერ აღწევენ, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ანონიმურ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ევროპელი ლიდერები ამჟამად პასუხის პოვნას ცდილობენ. მიმდინარე კვირაში მათ რუსეთის წინააღმდეგ შემოთავაზებული სანქციების პაკეტი გადადეს, რათა გაერკვნენ, თუ როგორ გააძლიერონ იგი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ტრამპთან საუბრის შემდეგ, განაცხადა, რომ ახალი სანქციების გეგმა რუსეთის საბანკო სექტორს დამატებით შეზღუდვებს შეუქმნის და მის კრიპტოვალუტის ბაზრებსა და ენერგეტიკულ სექტორს დააჯარიმებს.
ამასობაში, ტრამპმა მოუწოდა ევროპას, გამოიყენოს გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ბელგიაში ინახება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ტრამპსა და ევროკავშირის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრებში ჩართულმა წყაროებმა აცნობეს.
აღნიშნულია, რომ ევროპა იკვლევს რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების გზებს, მიუხედავად იმისა, რომ ადრე უარყოფდა ასეთ ნაბიჯს იმის გამო, რომ არსებობდა შეშფოთება, რომ ეს ბლოკის რეპუტაციას დააზიანებდა.