„არ შეიძლება არჩევნების დღეს რევოლუციაზე ლაპარაკი, ადამიანებისთვის სიმშვიდე ძალიან დიდი ფასეულობაა“ – გერმანიაში გაქცეული ყოფილი პრემიერ-მინისტრი რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე
არ შეიძლება არჩევნების დღეს, რევოლუციაზე და მშვიდობიან დამხობაზე ლაპარაკი, ადამიანებისთვის სიმშვიდე დღეს ძალიან დიდი ფასეულობაა, – ამის შესახებ გერმანიაში გაქცეულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რითაც რადიკალური ოპოზიციის მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ „მშვიდობიან დამხობას“ გამოეხმაურა.
გახარიას თქმით, მშვიდობიანი დამხობა ოქსიმორონია.
„არ შეიძლება არჩევნების დღეს, რევოლუციაზე და მშვიდობიან დამხობაზე ლაპარაკი მაშინ, როდესაც აქეთ გყავს პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეზღუდული კი არა, უაღრესად დაზიანებული ლეგიტიმაცია აქვს და შენ სთავაზობ მოსახლეობას აბსოლუტურად გაურკვეველ პროექტს, რომელსაც ძალადობრივი ელფერები აქვს, რომელსაც ზუსტად იცი, რომ გამოიყენებს დღევანდელი რეჟიმი, რომელსაც სჩუქნი, რადგან ადამიანებისთვის სტაბილურობის შეგრძნება, სიმშვიდე დღეს ძალიან დიდი ფასეულობაა. თან გაქვს გამოცდილება ბოლო ერთი და ორი წლის, როდესაც ომის დაშინებით ფაქტობრივად მან საზოგადოებრივი აზრი გადატეხა. ამის შემდეგ შენ გამოდიხარ და მშვიდობიან დამხობაზე და რევოლუციაზე საუბრობ, „ოცნების“ დელეგიტიმაციას კი არა, მშვიდობიანი პროტესტის დელეგიტიმაციას ახდენ.
მასობრივი მშვიდობიანი აქცია უნდა დაიბრენდოს, როგორც მშვიდობიანი დამხობა და დაინიშნოს მაინცდამაინც არჩევნების დღეს? ეს არის ლოგიკა? მშვიდობიანი დამხობა ოქსიმორონია, საერთოდ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.