მამუკა მდინარაძე: კორონავირუსი დადასტურებული არ მაქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე მისი მისამართით დასმულ შეკითხვებს სოციალურ ქსელში პასუხობს.

მდინარაძე განმარტავს, თუ რატომ იმყოფება თვითიზოლაციაში, ჰქონდა თუ არა კონტაქტი კოვიდინფიცირებულ დეპუტატ ნინო წილოსანთან და იყო თუ არა უკანასკნელ პერიოდში რომელიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად სუფრაზე.

„რამდენიმე კითხვაზე მომიწია პასუხის გაცემა:

1. მაქვს თუ არა „კოვიდი„ დადასტურებული?

არა. მე და ნინო წილოსანი (რომელსაც გუშინ დაუდასტურდა ვირუსი) სამი დღის წინ, 15-20 წუთით შევხვდით ერთმანეთს ჩვენ საერთო მეგობართან, რის გამოც გადავედი თვითიზოლაციაში და სახლიდან ვაგრძელებ მუშაობას, – არანაკლები ინტენსივობით, როგორც აღმოჩნდა.

2. ვიყავით თუ არა სუფრაზე ბოლო პერიოდში რომელიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად?

არა, თუმცა, დაახლოებით, ორი წლის წინ, „ვესტმისტერნის” მიწვევით, ვიზიტით ვიყავით ლონდონში, სადაც ერთ-ერთ საღამოს ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა პაბში, არაფორმალურ გარემოში, ვახშამზე დაგვპატიჟა, სადაც „ქართული ოცნების” ხუთ თუ ექვს წარმომადგენელთან ერთად დაპატიჟა ირაკლი აბესაძე, რომელიც ასევე იყო დელეგაციის წევრი.

სწორედ იქ არის გადაღებული ის „სუპერსკანდალური” ვიდეო, რომელიც, „პატრიოტთა ალიანსმა”, არც მეტი და არც ნაკლები, თავის სარეკლამო კლიპში გამოიყენა.

მე კი ძალიან მიხარია, რომ ქართულ სიმღერაზე მეტი „კომპრომატი” ოთხი წლის განმავლობაში ვერავინ აღმომიჩინა, მაგრამ ამაზე მეტი სიბნელე და ფსკერი მართლა ვერ წარმომიდგენია”, – აღნიშნავს მდინარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები