„საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ“ პროგრამის ფარგლებში, საჯარო უწყებებისა და თემის წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ“ პროგრამის ფარგლებში, საჯარო უწყებებისა და თემის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც ,,კვირას” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდასა და ცნობიერების ამაღლებას.

კატასტროფის რისკის მართვისა და შემცირების ექსპერტებმა – ირაკლი ქობულიამ და კახა ბახტაძემ ადგილობრივი მერიების, საკრებულოებისა და თემზე დაფუძნებული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს საუკეთესო გამოცდილებები ფინანსური და სამართლებრივი რეგულაციების შესახებ და ერთად შეიმუშავეს რეკომენდაციები თემის მედეგობის გაძლიერებისათვის.
შეხვედრაზე დამსწრე პირებმა მოკლე მიმოხილვა გააკეთეს კატასტროფის მართვის კუთხით ადგილობრივ დონეზე არსებული მექანიზმებისა და მიდგომების. უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს პროცესში მათი აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობის მნიშვნელობას და ისაუბრეს თემის მედეგობის მიმართულებით არსებული გამოწვევების აღმოფხვრის შესაძლებლობებზე.

პროგრამა თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), შვედეთის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის მიერ, ხოლო მის განხორციელებას გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები