ეკატერინე ტიკარაძე: დღის ბოლომდე კორონავირუსის მართვაში ჩაერთვება კიდევ ოთხი კლინიკა და მხოლოდ თბილისში 1200 თავისუფალი საწოლი გვექნება
“დღის ბოლომდე კორონავირუსის მართვაში ჩაერთვება კიდევ ოთხი კლინიკა და მხოლოდ თბილისში ჩვენ 1 200 თავისუფალი საწოლი გვექნება”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 4 ათასამდე საწოლია მობილიზებული.
„დღესდღეობით, საავადმყოფოებში 2090 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას, 500 პაციენტი ელოდება ტრიაჟის სივრცეში დადასტურებას, არის თუ არა კოვიდინფიცირებული. კოვიდსასტუმროებში გვყავს 1 090 პაციენტი და, დღეის მდგომარეობით, 4 ათასამდე საწოლია მობილიზებული საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, კოვიდსასტუმროებში ჩვენ გვაქვს 3900-მდე საწოლი, რაც ასევე არის გადაფარული ექიმების ბრიგადებით და იქ მოთავსებული პაციენტები იღებენ ყველა დახმარებას. დღის ბოლომდე კორონავირუსის მართვაში ჩაერთვება კიდევ ოთხი კლინიკა და მხოლოდ თბილისში ჩვენ გვექნება 1200 თავისუფალი საწოლი. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ეს არის მუდმივად ცვლადი რიცხვი, ვინაიდან ხდება როგორც პაციენტების მიღება, ასევე – გამოჯანმრთელება. იმ შემთხვევაში, თუ მობილიზებული საწოლების რაოდენობა არ აღმოჩნდა საკმარისი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნუსხა კლინიკების, რომლებიც შემდეგ ეტაპზე უზრუნველყოფენ პაციენტებს პერსონალით“, – განაცხადა ტიკარაძემ.