14 წლის წინ მოკლეს ანა პოლიტკოვსკაია, რომელმაც კადიროვს „ჩვენი დროის სტალინი“ უწოდა

 

რომ არ მოეკლათ, წელს 62 წლის გახდებოდა, გააგრძელებდა Новая Газета-ს რედაქციაში მუშაობას, კვლავ წავიდოდა სიცოცხლისთვის საშიშ მივლინებებში,  დაწერდა პუტინის ხელისუფლებაზე, ადამიანების უბედურებასა და ომის სიმახინჯეზე. თუმცა, ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია 14 წლის წინ, 2006 წლის 7 ოქტობერს საკუთარი სახლის სადარბაზოში  მოკლეს. ქილერმა, რომელიც იქ ჩასაფრებით ელოდა, ოთხჯერ გაისროლა,  მათ შორის ერთი, საკონტროლო – თავში. ქილერი და მკვლელობის ორგანიზატორები იპოვეს და გაასამართლეს. თუმცა, დღემდე რუსეთის ხელისუფლებამ  ამ რეზონანსული მკვლელობის დამკვეთის გამოსავლენად არაფერი გააკეთა. მართალია, მტკიცებულებები და კვალი ჩეჩნეთის მმართველისკენ მიდიოდა, მაგრამ გამოძიება უბრალოდ დადუმდა. ოფიციალურად, იმისათვის, რომ პოლიტკოვსკაიას საქმეზე სამართალმა რეალურად იზეიმოს, მხოლოდ ერთი წელი დარჩა- 2006 წელს ჩადენილი ამ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა  2021 წლის 7 ოქტომბერს – პრეზიდენტ პუტინის შემდეგ დაბადების დღეზე ამოიწურება.

ანა პოლიტკოვსკაიამ თავისი უკანასკნელი ინტერვიუ რადიო ,,თავისუფლების,, რუსულ რედაქციას  ორი დღით ადრე – 5 ოქტომბერს მისცა. 5 ოქტომბერი ასევე რამზან კადიროვის დაბადების დღეცაა.  მაშინ მას ჩეჩნეთის პრემიერმინისტრის პოსტი ეკავა და უკვე პრეზიდენტობაც სურდა. ამ ბოლო ინტერვიუში პოლიტკოვსკაიამ სწორედ კადიროვზე ისაუბრა და მას „ჩვენი დროის სტალინი“ უწოდა. პოლიტკოვსკაია ოცნებობდა იმ დროზე, როდესაც ჩეჩნეთის ლიდერს ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მისცემდნენ. სიცოცხლის ბოლო დღეებშიც ის რამზან კადიროვის მამხილებელ სტატიებზე მუშაობდა.  ამბობდა, რომ ბევრ მსხვერპლს პირადად იცნობდა, თუმცა, მათთვისაც იბრძოდა, ვისი გაცნობაც ვერ მოასწრო.

როდესაც მოკლეს, პუტინმა თქვა, რომ სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ რუსეთის პოლიტურ ცხოვრებაზე პოლიტკოვსკაია დიდ ვერაფერ გავლენას ვერ ახდენდა, ამიტომაც, მისი მოშორება კრემლს არაფერში სჭირდებოდა. არადა, დღემდე რუსეთში ფიქრობენ, რომ ანა პოლიტკოვსკაიას სიტყვასა და კალამს მაქსიმალურად შესაძლებელი გავლენა ჰქონდა იმ დროის პოლიტიკურ პროცესებზე. მისი სიტყვა  პუტინისა და მისი თანამზრახველების ძალაუფლებას ანგრევდა, ამხელდა პრეზიდენტის ტყუილებსა და დანაშაულებებს. ნიშანდობლივია, რომ ანა პოლიტკოვსკაია ფიგურირებდა “რუსი ხალხისა და რუსეთის სახელმწიფოებრიობის მტრების” სიაში, რომლის არსებობის შესახებ 2006 წლის მარტში განაცხადა დეპუტატმა, ნიკოლაი კურიანოვიჩმა.

ტრაგედიიდან 14 წლის შემდეგ, Новая Газета-მ გამოაქვეყნა პოლიტკოვსკაიას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საზარელი რეპორტაჟის – Центровой из Центороя-ს აუდიოვერსია. ეს საოცარი ტექსტი მოგვითხრობს მისი  პირველი ინტერვიუს შესახებ ჩეჩნეთის მომავალ პრეზიდენტ რამზან კადიროვთან, რომელიც 2004 წლის ივნისში შედგა. პოლიტკოვსკაიამ ინტერვიუ კადიროვის  საგვარეულო სოფელში ჩაწერა. ის ძლივს იკავებდა ემოციებს და აღწერდა ამ შეხვედრის კოშმარულ და აუტანელ ატმოსფეროს. ”[სასოწარკვეთილების] ცრემლები უბრალოდ კი არ მახრჩობდა – უკვე დამახრჩო. ველოდი, ზურგში როდის მესროდნენ. ავტომატებითა და პისტოლეტებით შეიარაღებული ბრბო ჩემ უკან  ხარხარებდა”, – წერდა ჟურნალისტი.

უფლებადამცველი ნატალია ესტემიროვა, რომელმაც ჟურნალისტი ქალი ამ შეხვედრაზე მარტო არ გაუშვა (და რომელიც პოლიტკოვსკაის მკვლელობიდან სამ წელიწადში მოკლეს), იხსენებდა, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ ორივე მათგანს საკუთარი უსაფრთხოების გამო სერიოზულად ეშინოდათ.

Новая Газета-ს სტატიაში, რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა, პოლიტკოვსკაია წერდა, რომ კადიროვი მას რამდენჯერმე უხეშად  შეეხო. ასევე, კადიროვმა პოლიტკოვსკაიას უყვირა, რომ ის ჩეჩნეთის მტერია, რუსეთის მტერი, რომ მისნაირები უნდა მოკლან, დახვრიტონ ქუჩაში. ნატალია ესტემიროვა ესწრებოდა  მთელს ამ შეხვედრას  და, შესაბამისად, აგრესია, რომელსაც კადიროვი  პოლიტკოვსკაიას მიმართ იჩენდა, ავტომატურად მასზეც გადადიოდა, რადგან ის პოლიტკოვსკაიას მოკავშირე იყო და მის  დაცვას ცდილობდა.

პოლიტკოვსკაიას მოშორების პირველი მცდელობა 2004 წლის 1 -ელ სექტემბერს მოხდა. ჟურნალისტი ბესლანში მიფრინავდა, რადგან შესაძლებლობა ჰქონდა, მოეწყო მოლაპარაკებები იმ ტერორისტებთან, რომლებმაც No1 სკოლის შენობაში მძევლები აიყვანეს. თუმცა, თვითმფრინავში ყოფნისას, ჩაის  დალევის შემდეგ მოიწამლა. თვითმფრინავიდან პოლიტკოვსკაია როსტოვის რეგიონულ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მოათავსეს. რუსეთის ხელისუფლებას უბრალოდ არ აწყობდა, რომ გავლენიანი ოპოზიციონერი ჟურნალისტი მძევლების გადამრჩენელი გამხდარიყო.

პოლიტკოვსკაიას პუტინის პიროვნება არაერთხელ შეუფასებია. ერთ-ერთი ყველაზე მართალი და უტყუარი ეს არის: „რატომ არ მიყვარს პუტინი? იმ სიმარტივის გამო, რომელიც ქურდბაცაცობაზე უარესია. ცინიზმის გამო. რასიზმის გამო. დაუსრულებელი ომის გამო. სიცრუის გამო. გაზის გაშვების გამო „ნორდ-ოსტში“. უდანაშაულო მოკლულთა გვამების გამო, რაც მთელს მის პირველ საპრეზიდენტო ვადას თან სდევდა. ეს არის გვამები, რომლებიც შეიძლებოდა, არ ყოფილიყო.  ხშირად ვფიქრობ ხოლმე: ადამიანია საერთოდ პუტინი? თუ რკინის გაყინული ძეგლი? ვფიქრობ და ვერ ვპოულობ პასუხს, რაც დაადასტურებს იმას, რომ ის ადამიანია.“ ის ჯერ კიდევ 2004 წელს თვლიდა, რომ პუტინი განიცდის მეფედ გარდაქმნას, რომლის ხელის ხლება არ შეიძლება და ის ყველანაირი კონტროლიდან არის გასული.

პოლიტკოვსკაიას ერთ-ერთი გულშემატკივარი, რუსი პოლიტიკოსი მისდამი მიძღვნილ ტექსტში წერს – “ანა პოლიტკოვსკაიას სიტყვები პუტინის შესახებ უფრო დიდხანს იარსებებს, ვიდრე – პუტინი და მისი ხელისუფლება. და ძალიან, ძალიან სამწუხაროა, რომ თავად პოლიტკოვსკაია თავისი წინასწარმეტყველური სიტყვების აღსრულებას ვერ მოესწრება.“

ერთ წელიწადში, პუტინის დაბადების დღეზე პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეს რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად დახურავს. თუმცა, ის ვერასოდეს წაშლის უბრალო მოკვდავთა მეხსიერებიდან ამ გმირი ჟურნალისტის სახელს, რომელიც პუტინის რეჟიმსა და ადამიანების, თავისუფალი სიტყვის დაცვას ემსხვერპლა.

მარიამ ვადაჭკორია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები