ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოს ეროვნული ბანკი BARTA-ს დაარსებიდან აქტიურად იყო ჩართული პროცესში და ამ ჩართულობის ხარისხი წელს უფრო გაიზარდა

BARTA-ს კონკურსი ერთმნიშვნელოვნად იქცა ანგარიშგების საუკეთესო სტანდარტების წარმოჩენისა და გამჭირვალობის მაღალი ხარისხის ჩვენების პლატფორმად ქართული კორპორაციული სექტორისთვის, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მიმდინარე წლის „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) კონკურსსა და მის განხორციელებაში სებ-ის როლზე საუბრისას. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ბარტას დაარსების დღიდან აქტიურად იყო ჩართული პროცესში და ამ ჩართულობის ხარისხი წელს უფრო გაიზარდა. სებ-ისთვის, როგორც რეგულატორისთვის, ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ სტანდარტებთან შესაბამისობა და გამჭირვალობის მაღალი ხარისხი არის ის, რაზეც ფუნდამენტურად შენდება ფინანსური სექტორი და კაპიტალის ბაზარი. სწორედ საუკეთესო ანგარიშგების პრინციპების დაცვით ხდება ზოგადად ზედამხედველობა, რაც მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისივე თქმით, BARTA-ს კონკურსი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმის დაგვირგვინებას და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის ჩვენების პლატფორმას წარმოადგენს.

სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, კონკურსის მასშტაბი ყოველწლიურად ფართოვდება, რაც ადგილობრივი ზედამხედველების აქტიურ ჩართულობას უკავშირდება.

„ამდენი სტეიკჰოლდერის მონაწილეობა ნიშნავს მოცვის მნიშვნელოვან გაზრდას.უფრო მეტ ორგანიზაციას შეგვიძლია დავანახოთ ის პოტენციალი, რაც ბარტას აქვს მათი გამჭვირვალობის ზრდისთვის. BARTA არ არის მხოლოდ დიდი კომპანიებისთვის – ახალი კომპანიებიც ახერხებენ მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც დებიუტანტისა და გაუმჯობესებული ანგარიშგების ნომინაციებიც ნათლად აჩვენებს. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინონ, BARTA მათთვის არის პლატფორმა, ჩვენთვის კი შესაძლებლობების დანახვების საშუალებაა,“ – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

BARTA 2025 წელსაც ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისთვის. განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულები 2026 წლის თებერვალს 10 ნომინაციაში საზეიმო დაჯილდოებაზე გამოცხადდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები