დავით მათიკაშვილი: ევროკავშირში სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ქართულ მხარესთან დიალოგს გაექცნენ – თვალს ვერ არიდებენ იმ პროგრესს, რაც ქვეყანას აქვს

,,ევროკავშირში სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან დიალოგს გაექცნენ. ფაქტობრივად, ისინი ქართულ მხარესთან საუბარს გაექცნენ, მათ შორის პასუხების გაცემას იმ მტკიცებულებებზე, რომელიც დიალოგისთვის საქართველოს აქვს”,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ,,პირველ არხს” განუცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ევროკავშირში თვალს ვერ არიდებენ იმ პროგრესს, რაც ქვეყანას აქვს.

„ისინი თითიდან გამოწოვილ მიზეზებს გამოეკიდნენ. ქვეყნის ღირსება დასაცავია და ცხადია, ჩვენ, როგორც ღირსეული სახელმწიფო, ისე მოვიქცევით. ჩვენ სალაპარაკო გვაქვს და სამწუხაროდ, ევროკავშირში სალაპარაკო არაფერი აქვთ. ევროკავშირში თვალს ვერ არიდებენ იმ პროგრესს, რაც ქვეყანას აქვს და ნებსით თუ უნებლიედ, უწევთ საქართველოს წარმატების ხაზგასმა. ბუნებრივია, სიმართლეზე თვალის დახუჭვა გაუჭირდებოდათ. ამიტომ, ქართულ მხარესთან დიალოგს გაექცნენ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით 19 ნოემბერს კომენტარი გაავრცელა. უწყების განცხადებით, 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით გადაიდო. როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები