აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ესპანეთში, საქმიანი ტურიზმის უმსხვილეს გამოფენაში „IBTM World 2025“ მონაწილეობს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ესპანეთში, საქმიანი ტურიზმის უმსხვილეს გამოფენაში „IBTM World 2025“ მონაწილეობს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოფენის ფარგლებში ბათუმის, როგორც საქმიანი ტურიზმის მიმზიდველი მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, უწყების მენეჯმენტი შეხვედრებს მართავს ტურისტული ბიზნესის, ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
“საქმიანი შეხვედრებისას ბათუმში საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები, არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა და ბიზნეს ტურიზმის განვითარების პოტენციალი განიხილეს. სამი დღის განმავლობაში დეპარტამენტის მენეჯმენტმა 40-მდე საქმიანი შეხვედრა გამართა.
ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს. გამოფენაზე 150 ქვეყნის 2 500-ზე მეტი ორგანიზაციაა წარმოდგენილი. „IBTM World 2025“18 ნოემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად ეწევა რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში. მიმდინარე წელს, უწყებამ რეგიონის ტურისტული პროდუქტები 20-ზე მეტ მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა, როგორც ევროპის ისე აზიის მიმართულებით,”- წერია ინფორმაციაში.