თავდაცვის ძალების სამხედროები გერმანული, მსოფლიო ბრენდის – „ჰაიქსის“ ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმლით აღიჭურვნენ
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეების უმაღლესი ხარისხის ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმლით აღჭურვის პროცესი უკვე დაიწყო. სამხედროები ზაფხულში ასევე მსოფლიო ბრენდის – „ლოვას“, ხოლო ზამთარში „ჰაიქსის“ მაღალყელიან ფეხსაცმელს გამოიყენებენ.
უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვივნენ, სადაც სამწყობრო მოედანზე პირად შემადგენლობის გერმანული კომპანია „ჰაიქსის“ წარმოების უმაღლესი ხარისხის ზამთრის ახალი სამხედრო მაღალყელიანი ფეხსაცმლის გადაცემის პროცესს პირადად დაესწრნენ. თავდაცვის ძალები მაღალი ხარისხის ბათინკებით ზამთრის სეზონისთვის, ეტაპობრივად, სრულად დაკომპლექტდება.
გერმანული კომპანია „ჰაიქსი“ მსოფლიო ბაზარზე ფეხსაცმელების მწარმოებელი წამყვანი ბრენდია, რომელიც ცნობილია საიმედო, უმაღლესი ხარისხისა და ინოვაციური პროდუქციით. ფეხსაცმელი არის წყალგამძლე და ჰაერგამტარი. გარდა ამისა, „ჰაიქსის“ სამხედრო ფეხსაცმელი კომფორტულია რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად და გააჩნია მოცურებისგან დამცავი ძირი. „ჰაიქსის“ ფეხსაცმლით მარაგდება ამერიკისა და ევროპის ქვეყნების როგორც შეიარაღებული ძალები, სპეცდანიშნულების ძალები და პოლიცია, ასევე სამაშველო ქვედანაყოფები. თავდაცვის ძალების 29-წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხედროები „ლოვასა“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრისა და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლით არიან უზრუნველყოფილი.