“კრემლმა შესაძლოა, ფაშინიანზე და არა სომხეთზე თქვას უარი, როგორც ფორტპოსტზე კავკასიაში” – უკრაინელი ექსპერტი
უკრაინის “არმიის, კონვერსიისა და განიარაღების კვლევითი ცენტრის” სამხრეთ კავკასიის ფილიალის ხელმძღვანელი, ვოლოდიმირ კოპჩაკი მიიჩნევს, რომ მთიან ყარაბაღთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს მოსკოვი, ჯერჯერობით, “მშვიდად” აკვირდება, მხარეებს “კუნთების თამაშის” შესაძლებლობას აძლევს, თუმცა, კრემლს კონკრეტული გეგმა აქვს – გამყოფ ზოლთან “მშვიდობისმყოფელების” განლაგება, რაც, ფაქტობრივად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის განთავსებას ნიშნავს.
კონფლიქტის ზონაში არსებულ მოვლენებზე სასაუბროდ “კვირა” კოპჩაკს უკრაინაში დაუკავშირდა.
ექსპერტი ვითარების ამჟამინდელ ესკალაციაში ორ განზომილებას ხედავს – ტაქტიკიდან სტრატეგიამდე გადასვლაში.
მისი თქმით, შიდა აზერბაიჯანული კონტექსტი მდგომარეობს იმაში, რომ აქ ყველა დონეზე ფორმირებულია კონსენსუსი, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სამხედრო გზით უნდა მოხდეს.
თუმცა, როგორც ექსპერტი მიიჩნევს, ამჟამინდელი ესკალაცია “თოვუზის რაიონში ივლისში მომხდარი სამხედრო მოვლენების ლოგიკური გაგრძელებაა მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სტატუს-კვო დარღვეული არ ყოფილა, აზერბაიჯანს “საქმის” დაუსრულებლობის განცდა დარჩა”.
“განსაკუთრებით, მოსკოვის პრეტენზიის ფონზე. ასევე, იყო ბაქოს პრეტენზია მოსკოვის მიმართ სომხეთისთვის გაგზავნილი “400 ტონა სამხედრო ტვირთის” შესახებ. შოიგუს არგუმენტმა სამხედრო ბაზისთვის “საწოლებისა და კარადების” მიწოდების შესახებ აზერბაიჯანული მხარე ნამდვილად არ დააკმაყოფილა. ივლისში ბაქოსა და მოსკოვს შორის ვითარება მკვეთრად დაიძაბა, ამის პარალელურად, ბაქომ თურქეთისკენ მკვეთრად გადაიხარა, რომელიც, თავის მხრივ, სამხრეთ კავკასიაში გააქტიურდა. გაჩნდა ანკარა/ბაქოსა და მოსკოვი/ერევნის მოკავშირეობითი ფრაგმენტები”, – აცხადებს ვოლოდიმირ კოპჩაკი.
რაც შეეხება მოსკოვი-ერევნის ურთიერთობას, ექსპერტი ამბობს, რომ კრემლში ნიკოლ ფაშინიანის რეჟიმით უკმაყოფილება ჭარბობს.
“მოსკოვი ფაშინიანს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების “ლავროვისეული გეგმის” ეტაპობრივ მიღებაზე “აწვება”. თუმცა, ცხადია, რომ ამ გეგმის მიღება სომხეთის ნებისმიერი ლიდერისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია. გეგმა სტრატეგიულად არც ბაქოსთვის არის მომგებიანი, თუმცა, აზერბაიჯანი მზად იყო, ის მიეღო სიტუაციური დივიდენდების მიღების სანაცვლოდ – მოხდებოდა მთიანი ყარაბაღის ხუთი რაიონის გათავისუფლება. კრემლს კონკრეტული გეგმა აქვს – მშვიდობისმყოფელების განლაგება გამყოფ ზოლთან, თუმცა, ფაქტობრივად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის განთავსება. მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანი მოსკოვს ბევრ საკითხს უთმობს, ის ლავროვის ამ მოდერნიზებულ გეგმას არ დათანხმდა”, – განაცხადა კოპჩანკმა.
მისი თქმით, 27 სექტემბერს დაწყებულმა საომარმა მოქმედებამ 2016 წლის მოვლენებს გადააჭარბა, მოსკოვი კი ერევნის გზავნილებს დახმარების აღმოჩენის შესახებ ინდიფერენტულად ღებულობს.
“კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაც, რომელიც იქამდე, სანამ საბრძოლო მოქმედება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიმდინარეობს – არაფერშუაშია. მოსკოვი, ჯერჯერობით, თავს კომფორტულად გრძნობს – კრემლისთვის სულერთია, სად გადის ყარაბაღის გამყოფი ზოლი. ასევე, მოსკოვის მრავალწლიან სტრატეგიაში ჯდება მიდგომა – “ათამაშეთ კუნთები” და თუ ეს ვითარება ფაშინიანის რეჟიმს დაასრულებს – ხომ უკეთესი მისთვის. თუმცა, 2016 წელთან განსხვავებით, აქ ერთი ნიუანსია, სახელად – თურქეთი. ანკარა აზერბაიჯანის მხარეს სერიოზული მოთამაშეა. სხვადასხვა დონეზე ისმის ბაქოსადმი ღია მხარდაჭერა. როგორც მინიმუმ, თურქეთს ნახიჩევანი “უჭირავს”, როგორც ყველაზე საშიში მიმართულება სომხეთის მხრიდან ასიმეტრიული პასუხის გაცემის შემთხვევაში. იქამდე კი, სანამ ბრძოლა ყარაბაღის რაიონში მიმდინარეობს – ანკარას ჩარევა არამიზანშეწონილი იქნება. თუმცა, ყველა პირობაა შექმნილი, რომ ომის ცეცხლი ყარაბაღის ტერიტორიას გასცდეს და ვითარება სრულიად არაპროგნოზირებადი სცენარით განვითარდეს”, – ამბობს ვოლოდიმირ კოპჩაკი.
თურქეთ-რუსეთზე, როგორც რეგიონში ყველაზე დიდი მოთამაშეებზე საუბრისას, იგი აცხადებს, რომ, “მკაცრი რიტორიკისა და განსხვავებული ინტერესების მიუხედავად, ანკარასა და მოსკოვს არაერთხელ მოუხდენიათ მოქნილობა შეთანხმებების მხრივ, იგივე სირიაში, ლიბანსა და სხვა წერტილებში. თუმცა, სწორედ სამხრეთ კავკასიაში იქნება რთული ასეთი ბალანსის შენარჩუნება. ჯერჯერობით კი, არც თურქეთი და არც რუსეთი პირდაპირი შეჯახებისთვის მზად არ არიან”.
ექსპერტი ამბობს, რომ კრემლის მიდგომა, ყარაბაღი “გაყინული კონფლიქტი” გასაკონტროლებლად შეინარჩუნოს – სისტემურ ვარდნას განიცდის.
“კრემლმა შესაძლოა, ფაშინიანზე უარი თქვას, მაგრამ არა – სომხეთზე, როგორც ფორტპოსტზე – კავკასიაში. თუმცა, ცხადია, რომ ამჟამად ყველაფრის საფასურია გაზრდილი და ჩნდება მთავარი კითხვა, არის თუ არა მზად მოსკოვი ამის საკუთარ თავზე აღებისთვის. მიმდინარე მოვლენები კი არამხოლოდ ბაქოსა და ერევნისთვის უნდა იყოს გაკვეთილი, არამედ, თუ რას ნიშნავს მოსკოვთან მოკავშირეობა”, – დასძინა ვოლოდიმირ კოპჩაკმა.
ავტორი: მონიკა დავლიანიძე