ჩეხეთში, კორონავირუსის მატების გამო, ხვალ შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადონ
ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი, რომან პრიმულა ქვეყნის მთავრობას კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ქქსაგანგებო მდგომარეობის ხელახლა შემოღების წინადადებით მიმართავს.
ამის შესახებ Novinky წერს.
“ახლა გვაქვს უამრავი შანსი ეს ავირიდოთ. ვფიქრობ, გადაწყვეტილება მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება მიღებული”, – თქვა მინისტრმა.
როგორც ქვეყნის პრემიერმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, მთავრობის რიგგარეშე სხდომა 30 სექტემბერს ჩატარდება, დღის წესრიგში კი საგანგებო მდგომარეობის დაბრუნების საკითხი განიხილება.
მისი თქმით, პრიმულას ინიციატივას მხარს დაუჭერს.
ბაბიშის გარდა, ჯანდაცვის მინისტრის წინადადების მხარდაჭერას ასევე პირველი ვიცეპრემიერი და შს მინისტრი, იან გამაჩეკი აპირებს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ოპოზიციაც უჭერს მხარს.
ამასთან, უცნობია, რა ვადით შეიძლება, დაწესდეს საგანგებო მდგომარეობა. გაზაფხულზე ჩეხეთში რეჟიმი ორი თვის განმავლობაში მოქმედებდა.