სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლად, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალი ამოქმედდა

“სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ელექტრონული პორტალი – student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდეა შესაძლებელი.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა:

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 -ელი იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით.

სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და, 2020 წლის 1 -ელი სექტემბრის მდგომარეობით, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე, არ სჭირდებათ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150000-ზე და სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად.

სტუდენტის მშობელი რეგისტრაციისას უთითებს:

ა) საკუთარ სახელს, გვარსა და პირად ნომერს;

ბ) სტუდენტი შვილის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და, საჭიროების შემთხვევაში, ატვირთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დაბადების მოწმობის ასლებს.

დამუშავებული სია გადაეცემა განათლების სამინისტროს, რომელიც განახორციელებს შესაბამის პროცედურებს, რათა მოხდეს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1-ელი იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფინანსება.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები