ეუთოს გენმდივანი – საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე: ოდირმა დაწერა ანგარიში, რომელშიც წერია, რომ არჩევნების შედეგები ასახავდა ამომრჩეველთა ნებას – საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას გქონდეს 40 პროცენტიანი წარმომადგენლობა და არ იყენებდე ამას, ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი იმ ხალხს, ვინც აგირჩია
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ომში მყოფი ქვეყანა, როგორც ტექნიკურად ისე სამართლებრივად. ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. როდესაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვმსჯელობთ და ვაანალიზებთ, ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ“, – ამის შესახებ ეუთოს გენერალურმა მდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ პორტუგალიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეუთოს გენმდივანმა, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ამ პროცესში ოპოზიციის ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია, რომელიც საქართველოს პარლამენტში 61 მანდატით არის წარმოდგენილი და ბოიკოტს უცხადებს მას, ამით უსამართლოდ ეპყრობა იმ ხალხს, ვინც ისინი აირჩია.
„რაც შეეხება არჩევნებს, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს, ოდირმა დაწერა ანგარიში, რომელშიც ცალსახად წერია, რომ არჩევნების შედეგები გარკვეული ხარვეზების მიუხედავად ასახავდა ამომრჩეველთა ნებას. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას 150 მანდატიდან 61 აქვს, ანუ, პარლამენტის 40 პროცენტზე მეტი ოპოზიციითაა წარმოდგენილი, თუმცა, ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ცხადია, დემოკრატიაში უნდა გქონდეს სამოქალაქო სივრცე შენი მოსაზრების გამოსახატავად, თუმცა, ასევე ეფექტიანად უნდა გამოიყენო ხალხის მიერ არჩეული ორგანო – პარლამენტი. გქონდეს 40 პროცენტიანი წარმომადგენლობა და არ იყენებდე ამას, ეს ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი იმ ხალხს, ვინც აგირჩია. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა შევისწავლოთ, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ეუთოს გენმდივანმა.