მიხეილ ყაველაშვილმა ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები თამარ მეფის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელი პირები თამარ მეფის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულ ძიუდოისტთა გუნდს, სახელმწიფოსგან საჩუქრად 1 მილიონი ლარი გადაეცემა.

მიხეილ ყაველაშვილმა ძიუდოს ნაკრების წევრებს კიდევ ერთხელ მიულოცა და გაწეული შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მსურს ეს უდიდესი წარმატება მოგილოცოთ. ვიცით, რომ არ იყო იოლი, წარმოუდგენელი შეიძლება ეჩვენებოდა ვინმეს, მაგრამ ვისაც სჯერა ქართული ძიუდოსი, ქართული სპორტის, ჩვენ ყველა ველოდებოდით, რომ ეს დღე დადგებოდა, საქართველო გახდებოდა გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, ეს უდიდესი წარმატებაა. ეს იყო შრომის, მიზანმიმართული თავდადების და ერთიანობის შედეგი. აქ მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას თვითონ გარემოს, სახელმწიფოს დამოკიდებულებას, რადგან რომ არა სახელმწიფოს ეს დამოკიდებულება სპორტის მიმართ, ასეთი წარმატებაც ვერ მოვიდოდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები ქართველ ძიუდოისტებს ისტორიული სპორტული მიღწევებისთვის  გადაეცათ.

მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო ჯილდო თამარ მეფის ორდენი მსოფლიო ჩემპიონს, ძიუდოისტ ეთერ ლიპარტელიანს, ღირსების ორდენი ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს გიორგი ათაბეგაშვილსა და  ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების 9 წევრს-გიორგი სარდალაშვილს, ლუკა მაისურაძეს, მიხეილ ბახბახაშვილს, მარიამ ჭანტურიას, სოფიო სომხიშვილს, ეთერ ასკილაშვილს, კახაბერ მოცრაძეს, ავთანდილ თელიასა და გიორგი მგელაძეს გადასცა. სახელმწიფო ჯილდო ღირსების მედალი კი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ლევან ნოზაძესა და ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების 6 წევრს – გიორგი ჯაბნიაშვილს, ირაკლი დემეტრაშვილს, საბა ინანეიშვილს, ნინო ლოლაძეს, ნოდარ მეტრეველსა და გიორგი კაზალიკაშვილს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები