სახალხო დამცველმა N12-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა
2025 წლის 3 ივლის სახალხო დამცველი ლევან იოსელიანმა ქალაქ რუსთავში, N12-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახალხო დამცველი გაეცნო პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურას, დაათვალიერა სასეირნო სივრცეები, სამედიცინო ნაწილი, დეესკალაციის ოთახები და სამარტოო საკნები.
„დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან საუბრისას სახალხო დამცველმა პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. გაეცნო, პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალურ და სასწავლო პროგრამებს, მსჯავრდებულთა ჩართულობის კუთხით.
ლევან იოსელიანი გაესაუბრა და გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის მოინახულა და გაესაუბრა N12-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრები: ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე, ნიკა მელია და რომეო მიქაუტაძე.
სახალხო დამცველის და აპარატის თანამშრომლების მხრიდან პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობა ხორციელდება რეგულარულად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.