პეტრიწონში ბულგარულ-ქართული სულიერებისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა – ამ მოვლენას ილია მეორე წერილით ეხმაურება

2 ივლისს, პეტრიწონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ხსენების დღეს, პეტრიწონში ბულგარულ-ქართული სულიერებისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა და ჩატარდა საზეიმო ღვთისმსახურება სრულიად ბულგარეთის პატრიარქი უწმინდესი დანიელის მეთაურობით.

აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ წერილი გამოაქვეყნა.

“დღეს განსაკუთრებული დღეა ბულგარეთისა და საქართველოს ეკლესიათა ურთიერთობაში, რადგან საყოველთაოდ ცნობილი ბაჩკოვოს, იგივე პეტრიწონის, ქართულ მონასტერში 1000 წელზე მეტი ხნის შემდეგ იხსნება ბულგარულ-ქართული სულიერებისა და კულტურის ცენტრი, გამოხატულება მადლიერებისა იმ ღვაწლისადმი, რაც დიდმა გრიგოლ და აბას ბაკურიანისძეებმა ამ დიდებული სავანის დაარსებით გასწიეს ბულგარეთისა და საქართველოს წინაშე.

ჩვენ ვართ სულიერი სიხარულით აღვსილნი, რომ ნეტარხსენებული პატრიარქის, ნეოფიტეს მიერ დაწყებული საქმე, ამ სავანის წინამძღვრისა და ველიჩკის ეპისკოპოსის, მეუფე სიონის, დიდი მონდომებითა და ძალისხმევით, თქვენი უწმინდესობის პატრიარქობის ჟამს, თქვენი კურთხევითა და მზრუნველობით, უკვე დასრულდა. ამ საქმეში გამორჩეული ძალისხმევა გასწიეს ბულგარეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა, ქველმოქმედებმა: ბატონმა დავით ქობლიანიძემ და ბატონმა პაატა გამგონეიშვილმა, ასევე, მნიშვნელოვანია ქართული სათვისტომოს წარმომადგენელთა: ვლადიმერ თუთბერიძის, გიორგი ჟორდანიას, გიორგი კახიანის და ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ღვაწლი.
გულითად მადლობას ვწირავთ ყველას სიკეთის არდავიწყებისთვის, რაც ნებისმიერი ერის უდიდესი ღირსებაა და, სამწუხაროდ, ხშირად არ ხდება.
და აი, ჩვენს წინაშეა სულიერების ცენტრი სამი დარბაზით: სავანის აღმაშენებელთა, – ძმების გრიგოლ და აბას ბაკურიანისძეების; მონასტრის პირველი წინამძღვრის, გრიგოლ პეტრიწის და სასწავლებლის პირველი რექტორის, ცნობილი ფილოსოფოსის, იოანე პეტრიწის, ასევე ბულგარეთის თურქოკრატიამდელი ბოლო პატრიარქისა და ერის მამად წოდებულის, წმ. ექვთიმეს სახელობის ბიბლიოთეკა.
ამ პიროვნებების ერთ სივრცეში შეკრება კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რომ უფლის სადიდებლად გაღებულ ღვაწლს არა აქვს საზღვრები, რომ ღირსეულ წინაპართა ამაგი წუთისოფლის წარმავლობას არ ექვემდებარება და ღვთის მადლსა და მარადიულობას გვაზიარებს.
დიდად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სწორედ დღეს აღინიშნება უდიდესი სიწმინდის, ბაჩკოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ხსენება; მჯერა, ჩვენთან ერთად ხარობენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, წმ. იოანე ნათლისმცემელი, წმ. გიორგი, წმ. ნიკოლოზი, წმ. მიქაელ მთავარანგელოზი, წმინდა მოციქულნი, თეოდორე ტირონი, თეოდორე სტრატილატი, წმინდა ლაზარე და ყოველნი წმიდანნი, რომელთა სახელობის ტაძრებიც ამ კომპლექსში არსებობს; ხარობენ სავანის დამფუძნებლები და საუკუნეთა მანძილზე აქ მოღვაწენი.

მათი ლოცვით ყოვლადწმინდა სამებამ მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყნები და ეკლესიები და განამტკიცოს მართლმადიდებელთა ერთობა, ამინ!”, – წერს პატრიარქი წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები