ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახი გაშენდება
ლევილის ქართველთა მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახის გაშენებას და ღვინის კულტურის პოპულარიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობას ისახავს მიზნად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და „შატო ზეგაანს“ შორის გაფორმდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს: საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და „შატო ზეგაანის“ დირექტორმა ლიანა ზუბაშვილმა.
მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და მოადგილე გიორგი მირცხულავა ესწრებოდნენ.
მემორანდუმს საფუძვლად უდევს 2016 წლის 23 სექტემბერს ხელმოწერილი სანოტარო აქტი, რომელიც ითვალისწინებს ლევილის მამულის პარკის მოვლა-განვითარებას, სადაც საპატიო ადგილს ქართული ჯიშის ხეები და ხეხილი დაიკავებს, ხოლო მიწის ერთ მონაკვეთზე უნდა გაშენდეს ქართული ვენახი.
ეროვნულ მუზეუმთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, „შატო ზეგაანი“ ლევილის მამულის ტერიტორიაზე ვენახის გაშენების მიზნით, უსასყიდლოდ, თავისი ფინანსური რესურსითა და პასუხისმგებლობით, უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიებებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საკუთარი დარგობრივი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდურ დახმარებას და კონსულტაციას გაუწევს „შატო ზეგაანს“ და ეროვნულ მუზეუმს.