წარმოშობით ლაგოდეხიდან არის. 26 წლის ხელოვანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს.
ხატწერის შესწავლა 2016 წელს, სკოლის დასრულების შემდეგ, დაიწყო თბილისში, ჯვრის მამის ტაძართან არსებული ხატწერის სახელოსნოში – არქიმანდრიტ ისააკ ფრიდონიშვილთან.
2018 წლიდან ხატავს ფერწერულ ნამუშევრებს. მოგვიანებით ქართული კალიგრაფიული კომპოზიციების შექმნაც დაიწყო.
მედიცინის პარალელურად აქტიურად არის ჩართული ხელოვნების სხვადასხვა დარგში – ხატწერა, ფერწერა, რესტავრაცია, მოზაიკა, კალიგრაფია…
მისი საქმიანობა საქართველოს საზღვრებს მიღმაც ვრცელდება, მათ შორის ესპანეთში, სადაც მონაწილეობდა მადრიდის საკათედრო ტაძრის ფრესკების მოხატვაში გიორგი გოშაძის ხელმძღვანელობით და სარესტავრაციო პროექტებში, ცენტრ „იბერიის“ ფარგლებში. – ხელოვან ანინო სიყმაშვილის პერსონა.
– ბავშვობა. პირველი ნაბიჯები ხატვაში… – სკოლის პერიოდიდან რა იყო დასამახსოვრებელი?
– ხატვის სიყვარული ბავშვობიდან დამყვება – პირველი ნაბიჯები ფანქრით, ფურცელზე, იმ სამყაროს გადმოსაცემად ვიყენებდი, რომელიც ჩემს გარშემო და ჩემში ხდებოდა. ერთ-ერთი პირველი ოცნება პატარაობიდან მხატვრობა იყო.
ხატვის სიყვარულმა თავი ჯერ კიდევ სკოლაში დამანახა – ცელქი ბავშვი ვიყავი და გაკვეთილზეც ხშირად ვხატავდი რვეულების კიდეებზე. ხატვა ჩემთვის იყო თავშესაფარი, მოთმინების და სიხარულის სივრცე. მაშინაც კი, როცა არ ვიცოდი, მომავალში რით დავკავდებოდი, ჩემთვის მთავარი იყო ფურცელი, ფანქარი და ის განცდა, რასაც ხატვის პროცესში ვიღებდი.
– ჯვრის მამის ტაძართან არსებული ხატწერის სახელოსნო… რა შეგძინათ იმ წლებმა?
– ჯვრის მამის ტაძართან არსებულ ხატწერის სახელოსნოში გატარებული წლები ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო – სწორედ იქ შევხვდი დისციპლინას, ყურადღებას და დაკვირვებას იმ ყველა წვრილმანზე, რაც ხელოვნებაში სიღრმის და სიწმინდის განცდას აჩენს. ხატწერის შესწავლა დიდ მოთმინებას მოითხოვს: უნდა შეძლო საათობით დააკვირდე ფუნჯის მოძრაობას, მის მიმართულებას, დახარჯო ენერგია მხოლოდ იმისთვის, რომ ზუსტად დაინახო. ხატვა იქ არ იწყება, სადაც ფერი იდება – ის იწყება ხედვით, სიჩუმით და მორჩილებით.
მამა ისააკი ჩემთვის მხოლოდ ხატწერის მასწავლებელი არ ყოფილა. ის ისეთი ადამიანია, რომელიც საქმით გაჩვენებს გზას – მისი სიდიადე. პირველ ყოვლისა, სულიერ პოზიციასა და იმ სიღრმეშია, რასაც თითოეული მოსწავლე გრძნობს მასთან ურთიერთობისას. 2016 წლიდან 2018 წლამდე სწორედ ამ სახელოსნოში გავიარე ის ფუნდამენტური გზა, რომელმაც ჩემი შემოქმედებითი და ადამიანური ბუნება ჩამოაყალიბა. ამ პერიოდს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
– რატომ მედიცინა, როცა ხატვის ნიჭი გქონდათ?
– ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა, რასაც ვაწყდები. და სრულიად მესმის რატომ – როცა ხედავენ ადამიანს ხელოვნების სფეროში, ბევრისთვის რთულია წარმოდგენა, რომ ამავე დროს შეიძლება მედიცინაშიც ხედავდე საკუთარ მომავალს. მაგრამ ჩემთვის ეს არჩევანი სრულიად ბუნებრივი იყო.
ხატვა და მედიცინა, განსაკუთრებით ქირურგია, ჩემთვის არ არის იმდენად განსხვავებული სფეროები, როგორც ხშირად აღიქმება. ისინი ტექნიკურადაც და სულიერი დატვირთვითაც ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს და ხშირად ავსებენ კიდეც. ჩემი სურვილია, პლასტიკურ ქირურგიაში გავიღრმავო პროფესიული გზა – ეს არის სივრცე, სადაც შემოქმედებითობა, ხედვა, სილამაზის გრძნობა და პრაქტიკული უნარები მჭიდროდ ერწყმის ერთმანეთს.
ჩემთვის ქირურგია არ არის მხოლოდ ტექნიკური ჩარევა – ეს არის დეტალებზე ორიენტირებული, ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებული ხელოვნება, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორიგინალურობას, არა ბანალურობას; ხედვას – არა მხოლოდ „შეცვლის“, არამედ არსებული ფორმის დაფასების და დახვეწისთვის მისადაგების თვალსაზრისით.– მეოთხე კურსელი პარალელურად ხელოვნების სხვადასხვა დარგშიც ხართ ჩართული… როგორ ანაწილებთ დროს? რომელს ანიჭებთ უპირატესობას – ხელოვნებას თუ მედიცინას?
– რა თქმა უნდა, ჩემთვის მთავარი და მიზანმიმართული სფერო მედიცინაა – ეს პროფესია ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და შრომას მოითხოვს. ვცდილობ, უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად მაქსიმალურად დავაგროვო კლინიკური და პრაქტიკული გამოცდილება. ეს დროის დიდ ნაწილს ითხოვს და სტუდენტობის ყოველდღიური რეჟიმიც საკმაოდ ინტენსიურია.
თუმცა ხატვა ჩემთვის არის რაღაც, რასაც ყოველთვის ვუბრუნდები, როცა დროის მცირე ფანჯარა მრჩება. ზოგჯერ ღამით, როცა დავასრულებ სწავლას, უბრალოდ მოლბერტთან ვჯდები, ვხატავ და პარალელურად ვუსმენ ოპერაციებს ან სამედიცინო ლექციებს, რამდენადაც შესაძლებელია.
ეს მარტივი ნამდვილად არ არის – ბევრჯერ მიწევს ენერგიის გადანაწილება, ღამის გათენება და დროის მჭიდროდ დაგეგმვა. თუმცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ორ სამყაროს შორის ბალანსი შევინარჩუნო. ხელოვნება და მედიცინა ჩემში პარალელურად ცხოვრობენ – ერთი მეხმარება სიზუსტესა და ანალიტიკურობაში, მეორე კი – ინტუიციაში, სიღრმესა და ხედვაში.
– ხატწერა, ფერწერა… ალბათ, დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს… რშთაგონება თუ გჭირდებათ?
– ამაზე პასუხი, სინამდვილეში, მარტივია – და არ ეხება მხოლოდ ხელოვნებას. ყველაფერი, რაც ჩემს ენერგიას აძლიერებს, რაც მამოძრავებს და მაძლიერებს, ღვთის სიყვარულიდან მოდის.
ვცდილობ, მისგან მოცემული ნიჭი არ დავმარხო, არამედ გავამრავლო – როგორც შემიძლია, როგორც გამომდის. ამისთვის ძალას მაძლევს დედა ეკლესია. მართალია, ყოველდღიური ცხოვრება ძალიან დატვირთულია, მაგრამ ჩემთვის ტაძარი ის ადგილია, სადაც შინაგანად ვიბრუნებ სიმშვიდეს და იმ ღრმა წყაროს, რასაც შემოქმედებისთვის ვიყენებ.
მხოლოდ შთაგონება არ კმარა – ხელოვნებასთან ურთიერთობა ყოველდღიური შინაგანი დისციპლინაცაა. მაგრამ როდესაც ეს ენერგია მოდის სიხარულით და მადლიერებით, ყველაზე რთულ დღეშიც იპოვი იმ ერთ ფერს ან ფორმას, რომელიც გადარჩენას ჰგავს.
– ნამუშევარი, საინტერესო ისტორიით?
– ალბათ, განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო ნამუშევარი „პეტრე მოციქულის ტირილის ღამე“. დღეს რომ მის დასრულებულ ვერსიას ვხედავთ, მანამდე რამდენიმე მცდელობა მქონდა მის შესაქმნელად – ეს თემა ჩემთვის შინაგანად ყოველთვის ძალიან მძაფრი და მნიშვნელოვანი იყო.
პეტრე მოციქული ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა – სახარებაში არაერთი ეპიზოდია, სადაც ჩანს მისი განსაკუთრებული სიყვარული უფლისადმი. მას არა მხოლოდ სწამს ქრისტესი, არამედ მასში ჭეშმარიტად ხედავს ღვთის ძეს. პირდაპირ ეუბნება: „შენ ხარ ძე ღვთისა“.
მგონია, რომ მისი რწმენა განსაკუთრებული სიღრმის მატარებელია – არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ირწმუნა, არამედ იმიტომ, რომ თავად განიცადა უფალთან ყოფნა. ეს სხვა რამეა. XXI საუკუნის ადამიანისთვის რწმენა ღვთის არსებობის ჭვრეტაა, პირველ საუკუნეში კი – მის გვერდით ყოფნის რეალობა.
მეტიც, სწორედ ამიტომ მეხება ეს ამბავი ასე ღრმად – რადგან პეტრე ის ადამიანია, ვინც მყარად იცის, ვინ უყვარს, ვის უჯერებს, მაგრამ მაინც ამბობს სამჯერ: „არ ვიცნობ ამ კაცს“. ცეცხლის პირს მჯდომს ეკითხებიან და ის უარყოფს.
მისი მწარე ტირილის და სინანულის შემდეგ კი სწორედ მას ანდობს იესო ქრისტე სამოთხის კლიტეებს.
ეს ჩემთვის რწმენის გზის სიმბოლოა – რომ ნებისმიერ სიმტკიცეში შეიძლება სუსტი წამი გაგვეპაროს, მაგრამ სინანულს აქვს უზარმაზარი ძალა ღვთის წინაშე. სწორედ ამ განცდამ წარმოქმნა ეს ნამუშევარი.
– ვაჟას პორტრეტი…
– ვაჟა-ფშაველა ჩემთვის განსაკუთრებული ფიგურაა – ის არა მხოლოდ დიდი პოეტი და მოაზროვნეა, არამედ ქართული სულის მძლავრი გამოხატულება. მისი პოეზია ისე ღრმაა, რომ ყოველი სიტყვა რაღაც მეტს გულისხმობს.
ვაჟას პორტრეტის შექმნის დროს ჩემი მიზანი იყო, ვაჩვენო არა მხოლოდ მისი გარეგნული ხატება, არამედ ის სული, რაც მის მიერ შექმნილ სამყაროშია. ვცადე პორტრეტი ყოფილიყო სიმშვიდისა და სიბრძნის წყარო, რომელიც, ამავე დროს, გამოხატავდა ვაჟას უკიდურეს სიმართლის ძიებას.
– ანგელოზები… ცალკე სერიაა…
– ჩემთვის ანგელოზები მფარველი საყვარელი არსებები არიან – პატარა ბავშვები, რომლებიც ყველა ადამიანის გულის პატარა კუნჭულშიც რჩებიან და ინახავენ იმ მოგონებებს, რომლებიც მომავლის გაგრძელების ძალას გვაძლევენ.
ვხატავ მათ დიდ, მეტყველ თვალებს, რადგან სწორედ თვალები ყველაზე მეტს ამბობენ – შესაძლოა, იმასაც, რასაც ჩვენ თავად ვერ ვბედავთ ხმამაღლა წარმოვთქვათ.
ჩემი ანგელოზები არა მხოლოდ სილამაზისა და სიმშვიდის სიმბოლოა, არამედ ისინი უხილავ მცველებად მეჩვენებიან, რომლებიც ჩვენს შიგნით სიძველესა და სიძნელეებს ატარებენ და მომავლის იმედს გვანიჭებენ.
– ადამიანები, რომლებმაც საგრძნობი კვალი დაამჩნიეს თქვენს ცხოვრებას… –
ამაზე საუბარი ცოტა რთულია, რადგან მადლობა უფალს, ჩემს ცხოვრებაში ბევრი განსაკუთრებული ადამიანი იყო, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს. პირველ რიგში, დედაჩემს გამოვარჩევ – მან მომცა სწორი საფუძველი, პატარაობიდან მატარებდა ტაძარში და ზრუნავდა, რომ მესწავლა და პასუხისმგებლობის აღების არ შემშინებოდა.
ყველას ვერ ჩამოვთვლი, რადგან ჩემი ცხოვრება, მართლაც, განსაკუთრებული ადამიანებით არის სავსე, თუმცა არ შემიძლია, არ აღვნიშნო ეპისკოპოს დიმიტრის როლი ჩემს ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ის უკვე აღარ არის ჩვენ გვერდით, მაგრამ სწორედ მან მასწავლა და მომცა საბედისწერო საფუძველი, როგორ უნდა ვცხოვრობდე არა უბრალოდ არსებობისთვის, არამედ ადამიანის ღირსებით. ის იყო ჩემი სულიერი მოძღვარი და უდიდესი ადამიანი, რომელმაც გამზარდა და მიმიყვანა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპამდე.

– მადრიდის საკათედრო ტაძრის ფრესკები მოხატეთ. გვიამბეთ…
– ეს გამოცდილება ჩემთვის სრულიად მოულოდნელად დაიწყო – 2023 წელს დამიკავშირდა ბატონი გიორგი გოშაძე, რომელიც არა მხოლოდ გამორჩეული ხელოვანია, არამედ უაღრესად ღირებული მასწავლებელია.
მისგან მოწვევა იყო დიდი პატივი. მე, როგორც ორნამენტალისტი, ვიყავი მიწვეული მის გუნდში და ეს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი პერიოდი მადრიდში ჩემთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა.
მასთან ერთად მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა – როგორც ტექნიკურად, ისე ადამიანურად. ეს შესაძლებლობა ღვთის წყალობად მიმაჩნია და მადლიერი ვარ, რომ ამ პროექტის ნაწილი გავხდი.
– ქართული კალიგრაფიული კომპოზიციები…
– ყოველთვის მიყვარდა ქართული პოეზია – სიტყვა, როგორც შინაარსის გარდა, ფორმაც. ერთ დღეს ბუნებრივად გამიჩნდა სურვილი, ეს ტექსტები ხელით დამეწერა – ვწერდი იმას, რაც ჩემთვის პირადად იყო მნიშვნელოვანი. ასე დაიწყო ეს პროცესი, სრულიად გულიდან.
მოგეხსენებათ, ვარ თვითნასწავლი და თავს ვერ მივცემ უფლებას, საკუთარ თავს კალიგრაფი ვუწოდო. მაგრამ ამ ნაწერებში ვცდილობ ხოლმე ვიპოვო ის სიღრმე, რასაც თავად ტექსტი ატარებს.
ხშირად ვწერ პოეტურ ფრაზებს, სალიტერატურო ფრაგმენტებს ან უბრალოდ ერთ სიტყვას, რომელსაც საკუთარ თავში დიდი ემოციური დატვირთვა მოაქვს – როგორც ლოცვას. ჩემთვის ეს არის სიჩუმეში ქმნილი სახეობა, როცა გრძნობ რომ ფორმა, ფერი და ასო ერთდროულად ლაპარაკობს.

– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამ ეტაპზე დაწყებული მაქვს მუშაობა ხატებზე, რომლებიც განკუთვნილია ახლად აშენებული ტაძრისთვის, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში.
ეს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტია ამ დროის მონაკვეთში – პასუხისმგებლობითა და მადლიერებით ვეკიდები ამ საქმეს. ხატწერა ჩემთვის ყოველთვის ლოცვის თანაზიარ პროცესად რჩება და როდესაც კონკრეტულ სივრცისთვის იქმნება, თითქოს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იზრდება.
– ოცნება, რომელიც ვერ აგისრულდათ?
– არა, ასეთი რამ არ არის. ალბათ უნდა დავაზუსტო – მე ოცნებები ნაკლებად მაქვს, მე მიზნები მაქვს. ყოველთვის ვიცნობ საკუთარ სურვილებს და როცა რაიმე ნამდვილად გულით მინდა და ვიცი, რომ ის არავისთვის საზიანო არ არის, მას მიზნად ვისახავ.
ამ ეტაპზე ზუსტად იმ გზაზე მივდივარ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ აუცილებლად მივაღწევ იმას, რაც მაქვს განზრახული.
მაქვს მრწამსი, ან შეიძლება იდეაც ვუწოდო: „თუ რაღაც ვერ გააკეთე – ესე იგი, ბოლომდე არ გდომებია“.– ახლახან საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზი თქვენს პერსონალურ გამოფენას მასპინძლობდა.ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ხატები, პორტრეტები, კერამიკის ნიმუშები, ქართული ორნამენტით გაფორმებული სუფრა, ასევე კალიგრაფიული ნამუშევრები.
პერსონალური გამოფენები. სამომავლო გეგმები…
– პერსონალური გამოფენა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა – ეს არა მხოლოდ საკუთარი გზის შეჯამებაა, არამედ იმ სივრცის შექმნაც, სადაც მაყურებელი შენს სამყაროში შემოდის. ვფიქრობ, ეს ერთი შეხედვით საბოლოო წერტილი კი არ არის, არამედ ახალი ნაბიჯის დასაწყისია.
ხელოვანისთვის გამოფენა შესაძლებლობაა – გააანალიზოს, გაიზარდოს, მიიღოს კრიტიკაც და მოწონებაც. ეს არის კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რომელიც ხშირად ძალიან ბევრს გეუბნება შენსავე თავზე.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს ნამუშევრებს მომავალშიც ექნებათ სივრცე და შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში წარდგნენ. საქართველოს ფარგლებს გარეთ ინტერესი უკვე გაჩნდა, და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თამარ შაიშმელაშვილი