ლევან დავითაშვილი: ჩვენი სახელმწიფო პროგრამის – „ახალგაზრდა მეწარმე“ ფარგლებში, მხოლოდ კახეთის რეგიონში ათობით ახალი საოჯახო მარანი აშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ღვინის მარნის გახსნას დაესწრო. მინდიაშვილების ოჯახს სოფელ შილდაში, 21 ჰა ფართობზე გაშენებული სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ვენახი აქვს. მინდიაშვილები, წელს პირველად, ახალ მარანში ოჯახური ბრენდის ქვეშ, ქვევრის ღვინოს დააყენებენ.
„2016 წელს სამინისტრომ დაიწყო პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ კახეთის რეგიონში ათობით ახალი საოჯახო მარანი აშენდა. დღეს ეს მარნები ტურისტული დანიშნულების ადგილებია, სადაც სტუმრებს ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ. მოხარული ვარ, რომ  კახეთში კიდევ ერთ ასეთი ოჯახური მარანი გაიხსნა. მეწარმე, რომელიც აქამდე მხოლოდ ყურძნის პირველად წარმოებას ახორციელებდა, შეძლებს, მოსავალი თავად გადაამუშაოს, აწარმოოს ღვინო და შექმნას დამატებითი ღირებულება, ამასთან, დაასაქმოს ადგილობრივები და მეტი სარგებელი მოუტანოს როგორც საკუთარ, ისე მათ ოჯახებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისათვის, გასულ წელს, მინდიაშვილებს მოსავალი სეტყვამ ფაქტობრივად სრულად გაუნადგურა. აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, წელს მევენახემ მოსავალი მთლიანად დააზღვია. ფერმერი, ახლო მომავალში, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების დამონტაჟებასაც გეგმავს.
მარნის ასაშენებლად მინდიაშვილებმა სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამით-   „ახალგაზრდა მეწარმე” ისარგებლეს. მინდიაშვილების ღვინის მარანში 16 ქვევრი და საუკუნოვანი საწნახელია. სამომავლოდ, ოჯახი მარნის მიმდებარედ ტურისტული კომპლექსის აშენებასაც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები