გიგა ბოკერია: სააკაშვილს წარსულში დაბრუნება უნდა
„ივანიშვილი არის დღევანდელი უმძიმესი აწმყო და ამის გაგრძელება უნდა. სააკაშვილს უნდა წარსულში დაბრუნება”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
ბოკერიას თქმით, მისთვის სააკაშვილის პრემიერობა მიუღებელია.
„ივანიშვილი არის დღევანდელი უმძიმესი აწმყო და ამის გაგრძელება უნდა. სააკაშვილს უნდა წარსულში დაბრუნება. ჩვენ შორის არის უზარმაზარი განსხვავება, რადგან ის უკან იხედება და ჩვენ – წინ. „ევროპულ საქართველოს“ გარდამტეხი ცვლილებები უნდა. ეს არის ჩვენი გზავნილი ყველგან. ისეთი სისულელე, რომ ერთ დღეს ერთ ბრალდებას იტყვი და მეორე დღეს იმის საპირისპირო ბრალდებას, არის ის ჭაობი, რაც შექმნა ივანიშვილმა და რომელში დარჩენასა და წარსულში ყურებას აპირებს სააკაშვილი და მისი გარემოცვა.
პროპორციული არჩევნებისთვის იმიტომ იბრძოდა საზოგადოება, მათ შორის, „ევროპული საქართველო“, რომ ყველა ამომრჩეველს ჰქონოდა თავისი არჩევანის შესაძლებლობა. გონივრული იყო რეგიონებში მაჟორიტარების შეთანხმება ისევე, როგორც – თბილისში, რაც ჩაშალა სააკაშვილმა, ოღონდ საჯაროდ მოხდა ეს ყველაფერი. ჩემთვის ყველა ეტაპზე მიუღებელი იყო სააკაშვილთან ერთიან პოლიტიკურ ძალაში გაერთიანება და მისი პრემიერობა. ყველაფერი სააკაშვილმა ჩაშალა თავისი ამბიციებისა და უკან ყურების გამო, ამიტომ, ჩვენ დღევანდელი მძიმე რეალობა უნდა შევცვალოთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.