მამუკა მდინარაძე: შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი, ოპოზიციასთან შედგა შეთანხმება და მისასალმებელია, რომ დოკუმენტზე მათი ხელმოწერაც დაფიქსირდება

“შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი, ოპოზიციასთან შედგა შეთანხმება და მისასალმებელია, რომ დოკუმენტზე მათი ხელმოწერაც დაფიქსირდება”, – ამის შესახებ ვიცესპიკერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ქცევის კოდექსი ეხება ფეიკნიუსების გავრცელების პრევენციას, გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების გარანტიებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებს.

მისივე თქმით, „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიცავს და ითვალისწინებს მთელ რიგ პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც ცალსახად მისასალმებელია“.

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით, შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი. ქცევის კოდექსი ეხება ფეიკნიუსების გავრცელების პრევენციას, გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების გარანტიებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებს. ჩვენ ამ დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულები ვიყავით. გვქონდა რამდენიმე შენიშვნაც, რომელიც, დიდწილად, გაითვალისწინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შენიშვნები შეეხებოდა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ცილისწამებასა და დანაშაულის დაბრალებაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე უარის თქმასა და მასზე რეაგირებას. ასევე, ამომრჩევლის კონტროლის, მათი აგიტაციის მიზნით საარჩევნო უბანთან შეყოვნებასა და შემოხაზული ბიულეტენის ფოტოგადაღების ან ხმის მიცემის კაბინიდან კონვერტში განთავსების გარეშე გამოტანის გამორიცხვას.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უერთდება წინამდებარე დოკუმენტს. მას ჩვენი მხრიდან უკვე ხელი მოაწერა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა – ირაკლი კობახიძემ. ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც იცით, თავიდან უარს აცხადებდნენ ამ დოკუმენტზე ხელმოწერაზე, თუმცა, ჩვენი დასავლელი მეგობრების სამკვირიანი მუშაობის შედეგად, როგორც ჩანს, მათთან შედგა შეთანხმება და მისასალმებელია, რომ დოკუმენტზე მათი ხელმოწერაც დაფიქსირდება. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, უზრუნველვყოთ ყველამ ერთად ქცევის კოდექსში დაფიქსირებული პუნქტების რეალურ ცხოვრებაში აღსრულება, რათა მასზე ხელმოწერა უბრალო ფორმალობად არ დარჩეს. აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას და ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოში არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები