“შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა ილია მეორემ” – ბართლომეოს პირველი
“შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა, სულმნათლმა პატრიარქმა ილია მეორემ”, – ამის შესახებ კონსტანტინოპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა, ბართლომეოს პირველმა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიალზე განაცხადა.
„უნეტარესნო და უწმინდესნო, ღვთის წმინდა ადგილობრივი ეკლესიათა ყოვლად სამღვდელონო წარმომადგენელნო, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტო, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, შიო, დაქვრივებული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრევ, საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დამწუხრებულნო პატივცემულო მღვდელმთავარნო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ბიძინა ივანიშვილო, თქვენო აღმატებულებავ, ქვეყნის ხელისუფალნო, სხვა ქრისტიანულ აღმსარებლობათა და რელიგიათა პატივცემულო წარმომადგენელნო, თქვენო აღმატებულებავ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, პატივცემულო თბილისის მერო, ყოველი ხარისხის ყოვლად ღვთისმოსავნო ბერნო და მონაზონნო, ღვთისმოსავო საქართველოს ერო, როგორ არ ვტიროდეთ უდიდესი ტკივილით ზნეობრიობის, პატივისცემისა და ღმრთის მოყვარე ცხოვრების უდიდეს სიმაღლეზე მყოფი პიროვნების, ნეტარხსენებული მცხეთა-თბილისის მთავარეპიკსოპოსისი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ჩვენგან განშორებას. საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსმთავარი, ქვეყნის პატივცემულ წმინდა იერარქიას კი ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული და სამოძღვრო გამოცდილების მქონე მისი პირველი იერარქი, რომლის მიერაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობის საღრმთო მადლი. პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი, ყოვლად კეთილსა და ერისმოყვარესა საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი, ღვთისმომიში. ქართველი ერი მოაკლდა თავის მოსიყვარულე მამას, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ფხიზლობდა ღრმთის მიერი აღმშენებლობისთვის, სულიერი განმტკიცებისთვის, საზოგადოებრივი წინსვლისა და მისი კეთილდღეობისთვის. წმინდა მოციქული ნინოსა და წმინდა დიდმოწამე გიორგის ღრმთისმოსავი მემკვიდრეობა მოკლებულია თავის პატივცემულ მცველსა და ერთგულ გამგრძელებელს. შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა, სულმნათლმა პატრიარქმა ილია მეორემ. ჭეშმარიტი სვეტი სიმტკიცისა, როგორც ეკლესიის, ისე სამშობლოსი, რომელთაც თანაბრად უნაწილებდა სიყვარულს, ერთგულებასა და ყოველდღიურ ზრუნვას“, – განაცხადა ბართლომეოს პირველმა.