ირაკლი ლექვინაძე: კოვიდ პანდემიის პირობებში მსოფლიოში კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის კორექტირება მიმდინარეობს

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე კონფერენციაზე „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერებისა და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“, რომელიც ეკონომისტის დღეს და პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას ეძღვნება, სიტყვით გამოვიდა.
“საქართველოს კონკურენციის სააგენტო ჩართული იყო საერთაშორისო ორგანიზაციის CUTS INTERNATIONAL-ის კვლევაში, რომლის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის კორექტირება მიმდინარეობს. კონკურენციის უწყებები, ბიზნესების მიმართ, ერთდროულად, მოქნილ და მტკიცე პოლიტიკას ატარებენ, რაც კონკურენციის კანონის აღსრულების შერბილებით გამოიხატება. ხოლო მტკიცე პოლიტიკა გულისხმობს დაუყოვნებლივ და მკაცრ რეაგირებას ისეთი ბიზნესების მიმართ, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ შექმნილი ვითარებით. COVID-19-ით გამოწვეულ საგანგებო ვითარებაში განისაზღვრა მნიშვნელოვანი სექტორები: რითეილი, სუპერმარკეტები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საბითუმო მოვაჭრეები, მედიკამენტების მწარმოებლები, ჯანდაცვა, ფარმაცევტული ნაწარმის დისტრიბუტორები, ტურისტული სააგენტოები, კვლევა და განვითარება (R&D). დასახელდა ბიზნესების მხარდასაჭერად განსახორციელებელი სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებები, რომელიც ბიზნეს საქმიანობის მართებულად გაგრძელების საშუალებას იძლევა. კვლევამ ცხადყო, რომ დღეს გლობალური კრიზისის დასაძლევად ბიზნესებს შორის შეთანხმებული თანამშრომლობების დაშვება მათთვის შეღავათებისა და გამონაკლისების მინიჭება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებებს შორის თანამშრომლობა. აგრეთვე, არსებულ ვითარებაში პოზიტიურად იქნა შეფასებული მიდგომა – “მოქალაქეების დაცვა ახლა და ეკონომიკური უკუეფექტის მიღება მოგვიანებით”, – განაცხადა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ კონფერენციაზე და მონაწილეებს ეკონომისტის დღე მიულოცა.
“პირველ ყოვლისა, მინდა, ვუთხრა მადლობა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ეკონომიკის ფაკულტეტს, ვინც საფუძველი ჩაუყარა და ვინც დღეს ქმნის ეკონომიკურ აზრს საქართველოში. ყველას მინდა, მოგილოცოთ ეკონომისტის დღე, რომელიც სექტემბრის ყოველ მეორე პარასკევს აღინიშნება. სიმბოლურია, რომ კონფერენცია ეძღვნება ბატონ ნოდარ ხადურის ხსოვნას. უდიდესი პროფესიონალი, პატრიოტი, საუკეთესო მეგობარი, ლექტორი და ხელმძღვანელი დაკარგა ეკონომიკის სფეროში მოღვაწე საზოგადოებამ”, – აღნიშნა ლექვინაძემ.
​კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე;  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ღაღანიძე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები – ვლადიმერ პაპავა და როინ მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები