ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, ჯამურად, ე.წ. რესპუბლიკაში უკვე 6 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.
როგორც კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ.ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, 78 წლის მამაკაცი გუდაუთის საავადმყოფოში 9 სექტემბერს გარდაიცვალა. მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა, მამაკაცს ასევე თანმდევი ქრონიკული დაავადებები აწუხებდა – დიაბეტი, მე-3 სტადიის ჰიპერტონული დაავადება, ღვიძლის ქრონიკული დაავადება.
რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეპიდვითარებას – 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 557 დადასტურებული შემთხვევაა.
გუდაუთის კლინიკაში 53 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 მძიმე, ხოლო 11 საშუალო სიმძიმის მდგომარეობაშია.
გარდა ამისა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსის დამარცხება სულ 158-მა პაციენტმა შეძლო.